დავით ნარმანია - აუდიტის სამსახურს მერიის წინა წლების საქმიანობაც უნდა შეემოწმებინა
თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არა მხოლოდ მერიის 2015-2016 წლების, არამედ წინა წლების საქმიანობაც უნდა შეემოწმებინა.
თბილისის ყოფილი მერი ამბობს, რომ წინა მმართველობის დროს მეტი ხარვეზი და დარღვევა იყო. “ეს ხარვეზები ჩვენ გამოვასწორეთ, მათ შორის, გამწვანებასთან და ქონების მართვასთან დაკავშირებით“, – განუცხადა ნარმანიამ ჟურნალისტებს.
ნარმანიას თქმით, მერიას ყოველწლიურად ჰქონდა პროგრესი, მათ შორის გამწვანების სფეროში, დაინერგა ხეების ოთხ წლიანი მოვლა-პატრონობის სისტემა, ასევე, უფრო ღია და გამჭვირვალე გახდა აუქციონების სისტემაც.
რაც შეეხება აუქციონს, რომელშიც ოთარ ფარცხალაძის კომპანიამ გაიმარჯვა, ნარმანიას განმარტებით, ცალკეულ შემთხვევებში, მერიის მოქმედება ინვესტორის ინტერესების გათვალისწინებით იყო განპირობებული. „სხვა შემთხვევაში, იქ ვიღაც ხელოვნურად მოიგებდა ამას და უფრო ძვირ ფასად მიჰყიდიდა ინვესტორს, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიას ავითარებდა“, – განაცხადა ნარმანიამ.
ფარცხალაძესთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე თბილისის ყოფილმა მერმა კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე ადრეც არაერთხელ უსაუბრია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც 2015-16 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტში გამწვანების ღონისძიებებსა და უძრავი ქონების განკარგვის სფეროებში დარღვევებია გამოვლენილი. ამასთან, აუდიტის სამსახურის დასკვნაში, საუბარია ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კომპანია შპს „ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტზე“. ანგარიშის მიხედვით, 2012 წელს, გზის გაყვანის შედეგად კერძო კომპანიისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება 2016 წელს მიწის ნაკვეთით მოხდა. ამასთან, ზარალის მიღების პერიოდთან შედარებით, ნაკვეთის ღირებულება დაახლოებით 5-ჯერ მეტი იყო.