დავით ნარმანია - ახალი წლის დღეებში ელექტროენერგიის ტარიფების მატებაზე გავრცელებული ინფორმაცია არასწორია, ტარიფების მატება არ იგეგმება
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა არ იგეგმება. ნარმანიას თქმით, არასწორია გავრცელებული ინფორმაცია, ახალი წლის დღეებში ტარიფების მატების შესახებ.
„ძალიან ხშირია სხვადასხვა პირის მიერ ტარიფებით სპეკულაცია და სამწუხაროა, რომ ასეთ სენსიტიურ თემებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის მიზანმიმართულად იყენებენ. მინდა, აღვნიშნო, ტარიფების ცვლილებასა თუ კომისიის ნებისმიერ სხვა გადაწყვეტილებაზე საზოგადოებას ყოველთვის აქვს ინფორმაცია სემეკ-იდან. შესაბამისად, თუ რაიმე ცვლილება იქნება, მოსახლეობას აუცილებლად ვაცნობებთ. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ახალი წლის დღეებში ელექტროენერგიის ტარიფების მატებაზე გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. ტარიფების მატება არ იგეგმება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ამასთან, სემეკ-ის თავმჯდომარემ წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი ცნობით, 2021 წელს ჯამში 7 მეგავატამდე სიმძლავრის ჰესები შევიდა ექსპლუატაციაში, რაც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მიმდინარე წელს მოქალაქეებს სემეკ-ის დახმარებით კომპანიებისგან უსაფუძვლოდ დარიცხული 3 მილიონ ლარზე მეტი თანხა ჩამოეწერათ. კომპანიებმა სხვადასხვა დარღვევის გამო, მომხმარებლებზე 300 000 ათას ლარამდე კომპენსაცია გასცეს. რაც შეეხება 2022 წელს მომდევნო წელს, სემეკი გეგმავს, დააფუძნოს ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი, ასევე მომხმარებელს შესთავაზოს საწარმოთა ელექტრონული პორტალი.