„ნაციონალური მოძრაობა“ სემეკ-ს ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის ტარიფის შემცირებისკენ მოუწოდებს
„ნაციონალური მოძრაობა“ სემეკ-ს ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის ტარიფის შემცირებისკენ მოუწოდებს

„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ტარიფების შემცირებისკენ მოუწოდებს.

შესაბამისი განცხადება პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ხაბეიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, სემეკ-ში გაიმართოს სხდომა და დოლარის კურსის შესაბამისად შემცირდეს ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის ტარიფი.

„„ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს სასწრაფოდ ელექტროენერგიის ტარიფის დაწევას, სულ მცირე, გაუთანაბრდეს 2019 წლის მდგომარეობას, როცა ამბობდნენ, დოლარის კურსი თუ 2,5 იქნება, არ მოიმატებსო, სულ მცირე, იმ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს ელექტროენერგიის ტარიფი, წყლის გადასახადი და, ცხადია, გაზის გადასახადი. ამ პრობლემების მოსაგვარებლად, მნიშვნელოვანია, შეიკრიბოს სემეკი და იგივე გადაწყვეტილება მიიღოს, რაც 2020 წელს თქვა, დოლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით ვზრდით ტარიფსო. ახლა დოლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით შეუძლიათ, შეამცირონ ტარიფი და თუ ამას არ გააკეთებენ, ამასობაში „ნაციონალური მოძრაობა“ გამოიყენებს საპარლამენტო ბერკეტს და დავით ნარმანიას, სემეკ-ის კორუმპირებულ, ქურდ, მძარცველ კაცს, რომლის ხელფასიც თვეში 15 ათასი ლარია, დავიბარებთ პარლამენტში, რომ საზოგადოებას პასუხი გასცეს. ასევე, უახლოეს დღეებში მოვამზადებთ განცხადებას, წერილს, რის მეშვეობითაც ოფიციალურად მივმართავთ სემეკ-ს ტარიფის გადახედვის აუცილებლობასთან დაკავშირებით. 2016 წლიდან გააჩინეს შუამავალი კომპანია ბიძინა ივანიშვილმა და უჩა მამაცაშვილმა. გარდა იმისა, რომ დოლარის კურსის სხვაობით სარგებლობენ, დამატებით ძარცვავენ ხალხს. დავით ნარმანიას, სემეკ-ს, რუსულ ოცნებას მოვუწოდებთ, დოლარის კურსის შესაბამისად სასწრაფოდ მოხდეს ტარიფების შემცირება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.