დავით ნარმანია აცხადებს, რომ, ენგურჰესთან დაკავშირებული ვალდებულების გარდა, ოკუპირებული აფხაზეთის ენერგომომარაგების ნაწილში საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას სხვა ვალდებულება არ აქვს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ, ენგურჰესთან დაკავშირებული ვალდებულების გარდა, ოკუპირებული აფხაზეთის ენერგომომარაგების ნაწილში ქართულ მხარეს სხვა ვალდებულება არ აქვს.
დავით ნარმანიას კითხვა დაუსვეს, ვინაიდან ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთმა ენერგიის სანაცვლოდ ფულის გადახდა მოსთხოვა, თუ ვერ გადაიხდიან, დაეხმარება თუ ამ მიმართულებით საქართველოს ენერგოსისტემა, რაზეც ნარმანიამ განაცხადა, რომ, გარდა ენგურჰესთან დაკავშირებული შეთანხმებისა, ქართულ მხარეს სხვა ვალდებულებები არ აქვს.
„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში აფხაზეთი ენერგიას იღებს რუსეთიდან და ისინი თვითონვე არიან პასუხისმგებელნი, რომ გადაიხადონ ამ ენერგიის საფასური. ერთადერთი ვალდებულება, რაც 90-იანი წლებიდან მოდის, ეს არის ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის 40/60 პროცენტის პროპორციით გაყოფა (40 პროცენტი ოკუპირებულ აფხაზეთს, 60 პროცენტი დანარჩენ საქართველოს), რაც ხორციელდება. სხვა რამე ვალდებულება ქართულ მხარეს ამ ნაწილში არ აქვს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დამატებით კითხვაზე, თუ აფხაზები ვერ გადაიხდიან საფასურს, რამე კუთხით დაეხმარება თუ არა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით არანაირი ვალდებულება არ არსებობს.
„არანაირი ვალდებულება ჩვენ არ გვაქვს ამასთან დაკავშირებით. სხვა დამატებით ინფორმაციას არ ვფლობ. წესით, არ დავეხმარებით“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.