დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
დავით მუმლაძის თავისუფლების აღკვეთის და მისი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა მიიღო.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2 დეკემბერს გაიმართება.
35 წლის მამაკაცის ცხედარი 5 ოქტომბერს რუსთავში მტკვარმა გამორიყა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს 30-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.
დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში მიეცა ექვსი პირი, მათგან ხუთი პატიმრობაშია ერთი კი,ზურაბ ჯღარკავა, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებიან, ძებნილია. ასევე საქმეზე ჯგუფურად განზრახ მკვლელობის და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდება წარდგენილი აქვს გიორგი ასათიანს. პოლიციის თანამშრომლებს მიხეილ ღუბიანურს და დიმიტრი დუღაშვილს, ასევე ყოფილ სამართალდამცველს დავით მიროტაძეს და კიდევ ერთ პირს, გიორგი გეთაშვილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დავით მუმლაძესთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავებიან.