დავით მუჯირი და ნიკოლოზ ჯღარკავა უეფას GROW კონფერენციაში მონაწილეობდნენ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ჯღარკავა მადრიდში იმყოფებოდნენ, სადაც უეფას GROW კონფერენციაში მონაწილეობდნენ. შეგახსენებთ რომ, ამ ღონისძიებას 2017 წელს თბილისმა უმასპინძლა.
სფფ-ს ცნობით, ესპანეთის დედაქალაქში ორდღიან კონფერენციას უეფას წევრი 55 ქვეყნის ფედერაციების 100-მდე ხელმძღვანელი ესწრებოდა. უეფას წარმომადგენლებმა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. საუბრის მთავარი თემა მიმდინარე და სამომავლო პროექტები იყო. უეფას GROW პროგრამაში ესპანეთი ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია და ბოლო წლებში პროგრამის განხორციელება კაცთა, ქალთა და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებაში მნიშვნელოვნად დაეხმარა.
უეფას სპეციალურმა წარმომადგენლებმა წევრი ასოციაციების მიმდინარე საქმიანობაზე გაამახვილეს ყურადღება და უეფას GROW პროგრამის სამომავლო გეგმებსა და მათ მიერ წარმოებული სამუშაოების ეფექტიან საკომუნიკაციო საშუალებებზე ილაპარაკეს.
გაიმართა პანელ-დისკუსია, რომელშიც უეფას GROW პროგრამის ოთხი გამორჩეული ფედერაცია მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ საქართველოს, ავსტრიის, შვედეთის და ესტონეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები. მთავარი თემა სტრატეგიული გეგმარება იყო, ეს ოთხი ფედერაცია უეფამ ბოლო წლებში მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით მიიწვია. პანელ-დისკუსიაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი მონაწილეობდა.