დავით მათიკაშვილი - ზურაბ ჯაფარიძისა და ცხელი თავის მქონე, არაკონსტიტუციური იდეებით გაჟღენთილი მსგავსი ადამიანების გასაგონად ვიტყვი, ნებისმიერ დარღვევას ადეკვატური პასუხი გაეცემა
2012 წლიდან დღემდე ქვეყანაში თუკი რაიმე სახის დესტაბილიზაციის საფრთხეები იდგა ან სურვილი ჰქონდა, ეს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, მისი შემადგენელი და განუყოფელი ნაწილია ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა ზურაბ ჯაფარიძის განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.
„ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ვერ იქნება შორს იმ დესტაბილიზაციის წყაროსგან, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია. 2012 წლიდან დღემდე ქვეყანაში თუკი რაიმე სახის დესტაბილიზაციის საფრთხეები იდგა ან სურვილი ჰქონდა, ეს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო. მისი შემადგენელი და განუყოფელი ნაწილია ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. მის გასაგონად და ყველა მსგავსი ცხელი თავის მქონე არაკონსტიტუციური იდეებით გაჟღენთილი ადამიანის გასაგონად მინდა, ვთქვა, ნებისმიერი დარღვევა, ნებისმიერი გადაცდომა და ანტიკონსტიტუციური ქმედება იქნება ადეკვატურად პასუხგაცემული ყველას მიმართ, ვინც არ უნდა იყოს ეს“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, შეახსენებს ჯაფარიძეს, რომ 2012 წლიდან დღემდე „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა არჩევნებს აგებს „ქართულ ოცნებასთან“.
„ხალხის სახელით საუბარს ჯაფარიძემ მოდი, თავი დაანებოს და თავის სახელით ილაპარაკოს ან „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, თვითონ შეთანხმდნენ ერთმანეთში. ყველა არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, არა არჩევნების გზით, არამედ სიტუაციის ადუღებით, გვერდითა დინებებით მოვიდეს ხელისუფლებაში, რაც საქართველოში მათ არასდროს აღარ გამოუვათ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა: „ბევრ რამეზე ვართ წამსვლელი, მათ შორის შენობების აღებაზეც, ეს შენობა ბიძინასი კი არ არის, იმ ხალხის არის, ვინც რუსთაველზე იყო შეკრებილი, რა პრობლემაა, რომ წიხლებით გამოყარონ, ვინც იქ არიან“.