დავით მათიკაშვილი - ყველასთვის შოკისმომგვრელი იყო შალვა შავგულიძის გუშინდელი განცხადება, რომ არ იცის, არიან თუ არა ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია პოლიტპატიმრები
სანდრო გირგვლიანის ადვოკატისგან, შალვა შავგულიძისგან, რომელიც საზოგადოებამ გაიცნო, როგორც ამ უმძიმესი დანაშაულის ადვოკატი, თავის არიდება კითხვაზე, არიან თუ არა ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია პოლიტპატიმარები, არის ამორალური, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, გუშინ შალვა შავგულიძისგან უმძიმესი მოსასმენი იყო, რომ თავი აერიდებინა კითხვაზე, არიან თუ არა ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია პოლიტპატიმრები.
„გუშინდელი დღის შემდეგ დადგა ძალიან საინტერესო პოლიტიკური რეალობა, უმძიმესი მოსასმენი იყო სანდრო გირგვლიანის ადვოკატისგან, თუმცა ამჟამად ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების გუნდის წევრისგან, შალვა შავგულიძისგან ყოვლად უსუსური მცდელობა თავი აერიდებინა ერთ ძალიან მარტივი, ამავდროულად წყალგამყოფი მნიშვნელობის მქონე კითხვაზე პასუხისგან, არიან თუ არა ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია პოლიტპატიმრები. კიდევ უფრო მეტად შოკისმომგვრელი იყო განცხადება, რომელიც შალვა შავგულიძემ გააკეთა მედიასთან, სადაც თქვა, რომ მას არ ახსოვს და არ იცის, რის გამო იხდის ბაჩო ახალაია სასჯელს, ხოლო ვანო მერაბიშვილზე ახსენა ე.წ. გაყვანის ეპიზოდი, რაზეც ევროსასამართლომ პირდაპირ, ცალსახად მიუთითა, ამ პროცესუალურ ეპიზოდს არანაირი კავშირი არა აქვს ვანო მერაბიშვილის მიმართ წაყენებულ არსებით ბრალდებებზე, რომელზედაც არაერთი განაჩენი არის დამდგარი. ეს შოკისმომგვრელი ეფექტი იქონია ამ პასუხმა, დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებზე. ყველა პირისთვის, ვისაც ასე თუ ისე შეეხო იმ ხელისუფლების მსახვრალი ხელი, შოკი იყო იმ პოზიციის მოსმენა, რა პოზიციაც სანდრო გირგვლიანის ადვოკატმა, შალვა შავგულიძემ გუშინ დააფიქსირა. საინტერესოა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, სასჯელს იხდიან იმ მრავალ პირთან ერთად ბაჩო ახალაია და ივანე მერაბიშვილი, ეს ყველაფერი არ იცოდა სანდრო გირგვლიანის ადვოკატმა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, შალვა შავგულიძე, როდესაც უშუალოდ ახორციელებდა სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის ადვოკატირებას, ამბობდა, არა მხოლოდ შემსრულებლები, დამკვეთებიც უნდა დაისაჯონო.
„დიახ, დამკვეთებზე იყო საუბარი. დღეს მას არ ახსოვს და არ იცის, ვინ იხდის მსჯავრს სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ეს უეცარი გულმავიწყობაა, თუ შეგნებული მცდელობა, თავისთვის, პოლიტიკურად, სუბიექტურად არასახარბიელო პასუხი არ გასცეს მედიას და პოლიტიკური ქულები დაიწეროს, ან შეინარჩუნოს ამ პოზიციით. ჩემთვის გასაგებია, რომ ჩემი კოლეგები გიგა ბოკერია, ოთო კახიძე, ისინი ამბობენ, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტპატიმარი, მიუღებელია, ვემიჯნები, მაგრამ გასაგებია და პოლიტიკურად ახსნადია, რადგან მათი პოლიტიკური ხაზი ამ იდიომის გარეშე არ არსებობს, რადგან ისინიც ცხადია, რაღაცა ფორმით იყვნენ იმ კონიუქტურის ნაწილი, რომელიც ქმნიდა ამ სისტემას, რომელმაც თავის მხრივ, შეიწირა სანდრო გირგვლიანი. სანდრო გირგვლიანის ადვოკატისგან, შალვა შავგულიძისგან, რომელიც სწორედ ამით გაიცნო საზოგადოება, მისგან პირველი თავის არიდება კითხვაზე, არიან თუ არა ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია პოლიტპატიმარები და საუბარი იმაზე, რომ მან არ იცის რისთვის იხდიან ისინი მსჯავრს არის უბრალოდ ამორალური“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
დეპუტატის განცხადებით, აპირებს ოპოზიციონერ კოლეგებს გადასცეს სია იმ დანაშაულებისა და იმ განაჩენების, რომელიც სანდო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით არსებობს.
„მინდა, ჩემს კოლეგებს „ევროპულ საქართველოს“ გადავცე ეს ჩამონათვალი და ვუთხრა, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც არის ბრალდებული სანდრო გირგვლიანის საქმეზე“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის გაწვევის ინიციატივის განხილვა მიმდინარეობდა, დეპუტატებმა დავით მათიკაშვილმა და ვანო ზარდიაშვილმა „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელ შალვა შავგულიძეს დაუსვეს კითხვა, თვლის თუ არა ვანო მერაბიშვილსა და ბაჩო ახალაიას პოლიტპატიმრებად.
„იურიდიულ კომიტეტზე ახლა განიხილება ჩემი და ოთარ კახიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. გამომდინარე იქიდან, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრებს არ გაგაჩნიათ არგუმენტი ამ წინადადების არ მიღებისათვის, მაგრამ გაქვთ დავალება და ვალდებულება, რომ ეს წინადადება არ უნდა მიიღოთ, გადაგყავთ თემა რაღაც პოლიტიკურ შეკითხვებზე, პოლიტპატიმარი არის თუ არა მავანი და ასე შემდეგ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს დანაშაულებრივი გარიგება იუსტიციის საბჭოს კლანთან. ვერ ხვდებით, რომ იურიდიულ კომიტეტზე არ განიხილება ვანო მერაბიშვილის საქმე. მე რომ მერაბიშვილისა და ახალიაიას უსამართლობას ვებრძოდი მათიკაშვილო, შენ სად იყავი მაშინ? ან შენ სად იყავი ზარდიაშვილო? არსებობდით საერთოდ ამ ქვეყანაზე?“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.