დავით მათიკაშვილი - ყველა არჩევნების წინ, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა, აემღვრია წყალი, შეექმნა დესტაბილიზაციის განწყობა და ამით ესარგებლა
დავით მათიკაშვილი - ყველა არჩევნების წინ, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა, აემღვრია წყალი, შეექმნა დესტაბილიზაციის განწყობა და ამით ესარგებლა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით მათიკაშვილის განცხადებით, ერთკაციანი პარტიები და „ნაციონალური მოძრაობა“ მაგიდასთან ერთად სხედან და არ არის გამორიცხული, რომ ერთიანობაში წარმოადგენდნენ იმ დასაყრდენს, რითაც შესაძლოა, ისარგებლოს საქართველოს მეზობელმა ქვეყანამ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გასახორციელებლად.

ჟურნალისტებთან საუბარში დავით მათიკაშვილი გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებით ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მათიკაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი ძალაა, რომელსაც საქართველოში პოლიტიკური ინტერესებისთვის დესტაბილიზაცია აწყობს.

„ხელისუფლების სწორი და ზუსტი ქმედებების შედეგად, აღიკვეთა სავარაუდოდ ძალიან მძიმე დანაშაული. ეს პირველი ფაქტია. მეორე ფაქტია ის, რომ ყველა არჩევნების წინ, „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ცდილობდა, აემღვრია წყალი საქართველოში, პოლიტიკურ ვითარებაში, შეექმნა დესტაბილიზაციის განწყობა და ამით ესარგებლა.

გაგახსენებთ არაერთ შემთხვევას, როცა საუბარი იყო ქვეყნის შუაზე გაყოფაზე, ტემპერატურის ადუღებაზე და ა.შ. თუ რომელიღაც ძალას საქართველოში აწყობს დესტაბილიზაცია საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გასახორციელებლად, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ღიმილისმომგვრელია არსებული მოცემულობა, რადგან როგორც გახსოვთ, „ნაციონალური მოძრაობა“ „ლეიბორისტულ პარტიას“, გუბაზ სანიკიძეს, ნინო ბურჯანაძეს რუსულ ძალას და რუსულ ნარატივს უწოდებდა.

დღეს კი, ერთკაციანი პარტიები და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად სხედან მაგიდასთან და არ არის გამორიცხული, რომ ერთიანობაში წარმოადგენენ იმ დასაყრდენს, რითაც შესაძლოა, ისარგებლოს ჩვენმა მეზობელმა ქვეყანამ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გასახორციელებლად“, – განაცხადა მათიკაშვილმა.