დავით მათიკაშვილი - ყოფილი ხელისუფლების დროს, კონსტიტუცია ერთი პირის ნება-სურვილზე ისე იცვლებოდა და იკერებოდა, რომ არავის ეკითხებოდნენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადებით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“კანონპროექტთან დაკავშირებით არაერთი შენიშვნა მოისმინეს, განსაკუთრებით ცალკეული ოპოზიციური ძალებისგან.
მათიკაშვილის თქმით, ყოფილი ხელისუფლების მიერ კონსტიტუცია ისე იცვლებოდა და იკერებოდა ერთი პირის ნება-სურვილზე, რომ არავის არაფერს ეკითხებოდნენ.
„ეს ყველაფერი ხდებოდა ყოველგვარი ტესტებისა და ცენზების გარეშე. დღევანდელი მოცემულობა კარგად ესმის ოპოზიციურ სპექტრსაც და კარგია, რომ ეს განხილვები ხდება, კარგია, რომ ამ შენიშვნებს ჩვენ პასუხებს ვცემთ, რადგან საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ნათელი ხდება, თუ რასთან გვაქვს საქმე“,- აღნიშნა მათიკაშვილმა პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე.
დავით მათიკაშვილის განცხადებით, კანონპროექტმა „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“, კონსტიტუციურობის ტესტი გაიარა.
მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ კანონპროექტი არ იქნა განხილული იურიდიულ საქმეთა ან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში და ამით არასწორი პროცესები წარიმართა, სინამდვილეს არ შეესაბამება.
დეპუტატი განმარტავს, რომ ორივე კომიტეტი მონაწილეობდა საკომიტეტო განხილვის პროცესში, შენიშვნები გამოთქვა, რაც შესაბამისად, აისახა კიდეც კანონპროექტში.
„კანონის კონსტიტუციურობის ტესტი გულისხმობს ე.წ. სამწვეროვან შემოწმებას, რომელიც მგომარეობს შემდეგში: კანონი უნდა იყოს ლეგიტიმური, ანუ შეზღუდვა, რომელზეც არის საუბარი, უნდა იყოს კანონში გათვალისწინებული, კანონი უნდა იყოს პროპორციული, შესაბამისად, შეზღუდვები უნდა იყოს პროპორციული და ადეკვატური, უნდა არსებობდეს აუცილებლობა იმის, რომ სწორედ ეს ზომები იყოს გამოყენებული. ეს არის კონსტიტუციურობის ტესტი, რომელიც ჩვენს შემთხვევაში პრაქტიკიდან გამომდინარე არის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში, ზუსტად მივუთითოთ, თუ რას ეხება დღევანდელი ჩვენი განხილვა და რომ ეს კანონპროექტი, რა თქმა უნდა, არ არის ანტიკონსტიტუციური, რადგან სამივე მოცემულობას, ამ ტესტის სამივე პრინციპს აკმაყოფილებს.
გუშინ ეს საკითხი განხილული იქნა ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე. განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და მოადგილე ესწრებოდნენ და ჩვენ შენიშვნები გამოვთქვით კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც იქნა გადაგზავნილი ჯანდაცვის კომიტეტისთვის, ის აისხა კანონპროექტში, რომელსაც დღეს პირველი მოსმენით ვიხილავთ.
კერძოდ, მე-12 მუხლის 1 პრიმა პუნქტი, რომელიც არ არსებობდა კანონპროექტში, გაჩნდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შენიშვნების შემდგომ, რომელიც კონკრეტულ მითითებას აძლევს ხელისუფლებას, თუ როგორ და რის ფარგლებში უნდა იმოქმედოს. ეს თავისთავად განაპირობებს ამ კანონპროექტის კონსტიტუციურობას.
ეს არის ის, რომ საკარანტინო ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს საკარანტინე მიზანს, უნდა იყოს ამ მიზნის მისაღწევად გამოსადეგი და ის აუცილებელი საშუალება, რომელიც კონკრეტულ მოცემულ სიტუაციაში არის აუცილებელი არსებული პრობლემის დასაძლევად“,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მისივე განცხადებით, ხელისუფლებისთვის უმთავრესი, ამოსავალი წერტილი არის მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რომელსაც უშუალოდ ემსახურება აღნიშნული კანონპროექტი.
ამავდროულად, მათიკაშვილის შეფასებით, ერთ-ერთი მნიშნელოვანი ფაქტორი არის საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი, რომელიც მალე დაიწყება საქართველოში და რომლის განხორციელებაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში შეუძლებელია.
„ჩვენ ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოცემულობა გვქვს, რომლის მიღწევასაც ახორციელებს ერთი მხრივ ეს კანონპროექტი, რომელიც ადამიანის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე იქნება ფოკუსირებული და მეორე მხრივ, საქართველოს პარლამენტს ეძლევა სრული შესაძლებლობა, შეასრულოს ის შეთანხმება, რომელიც იქნა აღებული საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, განახორციელოს ადეკვატური ცვლილებები როგორც საქართველოს კონსტიტუციაში, ისე საარჩევნო კანონმდებლობაში“,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით უკვე უყარეს კენჭი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს.
პარლამენტმა პირველი მოსმენით, გარკვეული დათქმით დაუჭირა მხარი კანონპროექტს.
კერძოდ, მმართველი პარტიის ინიციატივაა, ნორმები, რომლებიც დგინდება, იყოს დროებით, ივლისის რომელიმე რიცხვამდე გაწერილი გარდამავალ დებულებებში. ვადის საკითხზე დეპუტატები კონსულტაციებს გამართავენ.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით, შემზღუდავი ღონისძიებების გატარება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.