ჩვენ კარგად გავეცნობით ვეტოს კონტექსტს, შინაარსს და გადაწყვეტილებას ისე მივიღებთ. ვნახავთ, რას გულისხმობდა პრეზიდენტი, თუმცა თუ ისეთ არგუმენტს ვერ ვნახავთ, რომელიც სხვა რეალობას დაგვანახებს, ცხადია, ჩვენ მხარს ისევ დავუჭერთ კანონს და ვფიქრობთ, დავძლევთ ვეტოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით,საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანია იმ რეგულაციების შექმნა, რომ კანონით დაკისრებული ამოცანები წარმატებით განახორციელოს.
“მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტმა გამოიწვია მსჯელობა, რაც მთავარია, ჩვენ სამუშაო პროცესში შევისწავლეთ საუკეთესო ევროპული პრაქტიკა და შევჯერდით ისეთ პოზიციაზე, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს წინ წასწევს, რათა კარგად შეასრულოს მასზე დაკისრებული ამოცანები. ამ კანონპროექტის განხილვისას ჩვენი მიზანი იყო, მოგვეძებნა საუკეთესო გამოსავალი, შეგვექმნა საუკეთესო რეგულაციები, ამიტომ შევხვდით ევროპის მაუწყებელთა კავშირის ხელმძღვანელებს და ერთად გავიარეთ რეგულაციის საკითხები. ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ რაღაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს, თუ გვინდა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს და იყოს კონკურენტუნარიანი მედიაგარემოში. საუბარი არ არის იმაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდეს კომერციული ტელევიზია, შექმნას ისეთი ფორმატი, რომ მისი საქმიანობა მოგების მიღების მიზნით იყოს განპირობებული, ცხადია, ეს ასე არ არის, რადგან მას საქართველოს ბიუჯეტიდან აქვს შესაბამისი დაფინანსება”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტი უმრავლესობამ განიხილა და მათი არჩევანი იყო კანონპროექტის მხარდაჭერა.
“ჩვენ კარგად გავეცნობით ვეტოს კონტექსტს, შინაარსს და გადაწყვეტილებას ისე მივიღებთ. ვნახავთ, რას გულისხმობდა პრეზიდენტი, თუმცა თუ ისეთ არგუმენტს ვერ ვნახავთ, რომელიც სხვა რეალობას დაგვანახებს, ცხადია, ჩვენ მხარს ისევ დავუჭერთ კანონს და ვფიქრობთ, დავძლევთ ვეტოს. თუმცა, ეს მაინც წინასწარ ნათქვამი შეფასებაა. პირველ ყოვლისა, დაველოდებით მოტივირებულ შენიშვნებს. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაიწყო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება. ტელევიზიაში არის ძალიან ბევრი სხვა საჭიროებები. გულწრფელად გეუბნებით, როდესაც ღრმად ჩავიხედეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციონირებაში, კანონპროექტის გაცნობის დროს პირველი რეაქცია იყო ანალოგიური იმ კითხვებისა, რა კითხვებიც გაჩნდა – რატომ არ შეიძლება ეს ყველაფერი გაკეთდეს იმ რეგულაციების პირობებში, რაც დღეს მოქმედებს. როდესაც ღრმად ჩავიხედეთ მის საქმიანობაში და გავეცანით ევროპულ პრაქტიკას, ვნახეთ, რომ ევროპის თითქმის უმეტეს ქვეყნებში სწორედ ასეთი მიდგომებით თავის დროზე საზოგადოებრივი მაუწყებლები მაღალ საფეხურზე აიყვანეს. ამ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, ჩვენც გაგვეცა პასუხები ამ კითხვებზე და რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირეთ ამ პროექტს”, – განაცხადა დეპუტატმა.
მისივე თქმით, კანონი, რომელიც არის მიღებული და რომელსაც ვეტო დაადო პრეზიდენტმა, არ შექმნის საფრთხეს კომერციული ტელევიზიებისთვის, პირიქით, იქნება ცალსახად განსაზღვრული, რისი უფლება აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რა სეგმენტში შეიძლება შემოვიდეს რეკლამით საზოგადოებრივი მაუწყებელი და რა სეგმენტში არ შეიძლება შემოვიდეს.
“ეს ცალსახად განსაზღვრავს მკაფიო თამაშის პირობებს და არსებობს მონიტორინგის საშუალებები და კონკურენციის დაცვა საქართველოში კანონის დონეზე არის გარანტირებული. ანტიკონკურენტულ გარემოს მარტო ეს კანონი ნამდვილად ვერ შექმნის. ეს არის კანონი, რომელსაც გაანალიზება და დაკვირვება სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის საუკეთესო ევროპული პრაქტიკიდან ნაკარნახევი, მას სჭირდება საკმაოდ მკაცრი მონიტორინგი. თუკი დავინახავთ, რომ რაიმე სახით სადმე რეგულაცია შესაცვლელია, ცხადია, ეს ნაბიჯიც იქნება გადადგმული. საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტი და მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავისი მოქმედების სივრცე, თუმცა, მეორე მხრივ, თუკი კორექცია დასჭირდება სამომავლოდ, ეს ასეც იქნება. ამ ეტაპზე შექმნილია ისეთი რეგულაციები, ამ კანონიდან გამომდინარე, რომელიც არათუ სხვა სხვა ტელევიზიებს და კომერციულ სივრცეს უქმნის საფრთხეს, პირიქით, უქმნის შესაბამის საფუძველს და შესაბამის ნოყიერ ნიადაგს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ ის უკეთესად განვითარდეს და მოემსახუროს ხალხს”, – განაცხადა მათიკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს დღეს ვეტო დაადო. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტში რეკლამისა და შესყიდვების თემა ადეკვატურად არ არის გაწერილი.