დავით მათიკაშვილი - ვიტალი შკლიაროვის განცხადება დასტურია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რევოლუციის სურვილი ამოძრავებს
„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის რუსი პიარტექნოლოგის, ვიტალი შკლიაროვის განცხადება პირდაპირი დასტურია იმის, რასაც მმართველი გუნდი ხაზს უსვამდა, რომ მოსკოვიდან იგეგმება საფრთხეები, რის პრევენციასაც ჩვენი ხელისუფლება ახდენს – ეს არის რევოლუციის სურვილი, რაც ამოძრავებს „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალადობა მისაღებია, თუმცა, სახელმწიფო ესკალაციას არ დაუშვებს.
„საუბარი რამე სახის უსისხლო და დემოკრატიულ რევოლუციაზე ინსინუაცია და ტყუილია. „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს მოვლენების ესკალაციას, თუმცა არაფერი გამოუვათ. სახელმწიფო ესკალაციას არ დაუშვებს, მეორე ტური მშვიდ გარემოში ჩატარდება და ქვეყანას ღირსეული პრეზიდენტი ეყოლება“, – განაცხადა დეპუტატმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის რუსმა პიარტექნოლოგმა, ვიტალი შკლიაროვმა რადიოსადგურ „ეხო მასკვის“ ვებგვერდზე სტატია გამოაქვეყნა – „სამი დასკვნა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებიდან“. შკლიაროვი აღნიშნავს: „არის შანსი, რომ დეკემბერში საქართველოში შეიძლება, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს. არის შანსი, რომ მოხდება არა მორიგი „ვარდების რევოლუცია“ ან ხელისუფლების ცვლილება, არამედ ცვლილებების მშვიდობიანი და ნამდვილი დემოკრატიული „რევოლუცია“.