დავით მათიკაშვილი - ვიმედოვნებ, ევროპელი კოლეგები გააკეთებენ ყველაფერს, რომ არ დაუშვან საქართველოში ანტიევროპული განწყობები, რაც დაკავშირებულია დამნაშავე პირებთან უპასუხისმგებლო კონტაქტებთან
დავით მათიკაშვილი - ვიმედოვნებ, ევროპელი კოლეგები გააკეთებენ ყველაფერს, რომ არ დაუშვან საქართველოში ანტიევროპული განწყობები, რაც დაკავშირებულია დამნაშავე პირებთან უპასუხისმგებლო კონტაქტებთან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მხრიდან იყო სწორი რეაგირება იმ ფაქტებზე, რასაც ადგილი ჰქონდა ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში საქართველოში მრავალგზის მსჯავრდებული და ბრალდებული ზურაბ ადეიშვილის ვოიაჟებთან დაკავშირებით.

„ჩვენი ქვეყნის გაცხადებულ მიზანს წარმოადგენს, რომ 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად მზად იყოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების მიზანია, წინ აღუდგეს ყოველგვარ ანტიდასავლურ და ანტიევროპულ განწყობებს. ყველაზე მეტად ასეთ განწყობებს აჩენს სწორედ ის ფაქტები, გარემოებები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ბერლინსა და ბრიუსელში. ზურაბ ადეიშვილი გახლავთ ტირანული რეჟიმის შემოქმედი მიხეილ სააკაშვილთან ერთად. ის არის მსჯავრდებული უამრავ სადისტურ დანაშაულში. ადამიანების წამებასთან ერთად, ეს ეხება ადამიანის ქონების დატაცებას და სხვა ძალიან მძიმე დანაშაულებს.

ამ პიროვნებასთან დაკავშირებით მოხდა შეხვედრების ორგანიზება, განსაკუთრებით კი ხაზს გავუსვამდი ევროპულ ღირებულებებთან მიმართებით არსებულ ევროკავშირის სტრუქტურებს, სადაც ამ ყველაფერს სააკაშვილის რეჟიმის პირდაპირი მხარდამჭერი და თანაშემოქმედი ესწრებოდა. ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი. 9 პუნქტის პირველი პუნქტი სწორედ ამ გარემოებით იწყება, რომ ევროკავშირის და ქართული სახელმწიფოს სულისკვეთება ერთმანეთთან უნდა დაახლოვდეს. ამ დაახლოებას ძალიან უშლის ხელს ის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება რიგი ევროკავშირის ბიუროკრატისა, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოში ბრალდებულ და მსჯავრდებულ, დამნაშავეებთან ურთიერთობის თვალსაზრისით“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მათიკაშვილის თქმით, უკრაინა ომში მყოფი ქვეყანაა და საქართველოს ვალდებულებაა, მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნოს და გააღრმაოს. დავით მათიკაშვილის განმარტებით, საქართველო დღესაც მყარად ეხმარება და გვერდში უდგას უკრაინელ მეგობრებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ესაა ცალმხრივი მეგობრობა.

„უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ადეკვატურ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ. პირიქით, ზურაბ ადეიშვილი გენერალური პროკურორის მრჩევლად დაინიშნა, ხოლო გიორგი ლორთქიფანიძე კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილეა. ორივე საქართველიში მსჯავრდებული პირია, რომელთაც პირდაპირ წვლილი მიუძღვით 2012 წლამდე არსებული სადისტური რეჟიმის მშენებლობაში. ლორთქიფანიძე არის ასევე ბრალდებული სააკაშვილის საქართველოში შემოპარვაში. ამ ფაქტის შემდეგ, პირიქით, მისი დაწინაურება მოხდა. უკრაინის მხრიდან განსაკუთრებით მძიმეა ის ნაბიჯები, რომლებიც მან საქართველოდან საკუთარი ელჩის გაწვევით დაიწყო. საქართველოს ელჩი უკრაინაში უმძიმეს პერიოდში, კიევის დაბომბვის რეჟიმის დროს, როდესაც სხვა ქვეყნების, უკრაინის და საქართველოს სტრატეგიული მეგობრების საელჩოები იხურებოდა, დროშები დაბლა იწეოდა, კიევში დარჩა და ბოლომდე იცავდა როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის ინტერესებს. სამწუხაროდ, ამ ყველაფრის პასუხად უკრაინის პრეზიდენტმა გასცა სრულიად გაუგებარი და წარმოუდგენელი რამ, როდესაც სააკაშვილის ვითომდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მას უკრაინის დატოვება მოსთხოვეს. ეს სრულიად დაუშვებელი რამაა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის ფონზე.

პირდაპირ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ უკრაინის ხელისუფლება მფარველობს კრიმინალებს და ის გახდა საქართველოში ნასამართლევი პირების ყოფნის ადრესატი. არა მხოლიდ ყოფნის, არამედ ეს პიროვნებები მაღალ თანამდებობებს იკავებენ. რაც ყველაზე ღიმილის მომგვრელია, ეს პიროვნებები დადიან ევროპის დედაქალაქებში და კანონის უზენაესობაზე მსჯელობენ. ეს დაახლოებით იგივეა, ნაცისტური რეჟიმის შემოქმედები ომის შემდეგ დამსხდარიყვნენ და მოკავშირეებთან ადამიანის უფლებებზე ესაუბრათ.

შესაბამისი განწყობა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებებში აისახა, მივიდა ადრესატამდე. ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამ, ჩვენი ევროპელი კოლეგები და პარტნიორები გააკეთებენ ყველაფერს, რომ არ დაუშვან საქართველოში ანტიდასავლური და ანტიევროპული განწყობები, რაც პირდაპირ დაკავშირებულია მათი მხრიდან საქართველოში დამნაშავე პირებთან ასეთ უპასუხისმგებლო, უკონტროლო კონტაქტებთან, რასაც ჩვენი ქვეყანა არ მიესალმება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

საქართველოს მთავრობამ ზურაბ ადეიშვილის ბრიუსელსა და ბერლინში ვიზიტებთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირსა და გერმანიაში ზურაბ ადეიშვილის მასპინძლობა ძირს უთხრის აღქმას, რომ ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ერთგულია.