დავით მათიკაშვილი - ვგეგმავთ, გავაძლიეროთ რეფორმა, რათა 2024 წლის განაცხადი იყოს საწინდარი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ.
მისი თქმით, ეს გამოჩნდა ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიშით, სადაც წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესია აღნიშნული.
„საქართველოსა და ევროკავშირს განსაკუთრებული ურთიერთობა გააჩნიათ. ეს ამ დოკუმენტით გამოჩნდა, სადაც არ არის დაშურებული საქებარი სიტყვები იმ პროგრესზე, რაც წლების განმავლობაში უკვე გავიარეთ. საქართველოს აქვს ამბიციური გეგმა, 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი გააკეთოს. ამ მიმართულებით ევროკავშირის მხრიდან სრული მხარდაჭერაა, რომ საქართველო მივიდეს განვითარების იმ ეტაპამდე, რომ განაცხადი მიღებადი იყოს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ამასთან, მათიკაშვილის განმარტებით, მათთვის ყურადსაღებია ევროპელი მეგობრების შენიშვნებიც.
„რაც შეეხება კრიტიკას, რეფორმა, რომელიც სასამართლო სისტემაში 2012 წლიდან დღემდე განხორციელდა, გრძელდება. ჩვენთვის ყურადსაღებია ევროპელი მეგობრების შენიშვნები და გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ საპარლამენტო მუშაობის კონკრეტული ვადები იყო, რომელსაც პარლამენტი ვერ დაარღვევდა. ვგეგმავთ, რეფორმა გავაძლიეროთ, რათა 2024 წლის განაცხადი იყოს იმის საწინდარი, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი აუცილებლად გახდება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ევროკომისიამ და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა გამოაქვეყნეს ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2020 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, რომელიც დეტალურად ასახავს ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს.