დავით მათიკაშვილი - ვერ განხორციელდება ვერცერთი გეგმა, რომლის მიზანი პარლამენტის ფუნქციონირებაში დესტრუქციის შემოტანაა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით მათიკაშვილის განცხადებით, პარლამენტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
მისივე თქმით, ვერ განხორციელდება ვერცერთი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს პარლამენტის ფუნქციონირებაში რაიმე სახის დესტრუქციული ქმედების შეტანას.
„პარლამენტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს განსახილველი, ბევრი კანონპროექტია ქვეყნისთვის აუცილებლად მისაღები. ყველა გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს რაიმე სახის დესტრუქციის შემოტანას პარლამენტის ფუნქციონირებაში, რა თქმა უნდა, განხორციელებული ვერ იქნება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
მათიკაშვილის განმარტებით, პროტესტი მისაღებია, თუმცა კანონის ფარგლებში.
„ყოველივე იმას, რაც სცდება კანონს და ექცევა სისხლის სამართლის ან სხვა რომელიღაც კოდექსის ფარგლებში, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური პასუხი გაეცემა“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.