დავით მათიკაშვილი - ვერ ეღირსება სააკაშვილი, რომ მომავალი მოუკლას საქართველოს, საქართველო გაიმარჯვებს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის საკითხზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ სააკაშვილი დღეს საქართველოს ვეღარ ძარცვავს, ვერც ანგრევს, არბევს და ვეღარ ყიდის სამშობლოს, თუმცა „თავისნაირი ნაძირალების ხელშეწყობით კვლავაც ცდილობს, ისევ მომავალი მოუკლას საქართველოს“.
„2012 წლამდე: იტყუებოდა გაბედულად; ძარცვავდა შემართებით; ანგრევდა ენთუზიაზმით; ჩაგრავდა, არბევდა, ცემდა და ხოცავდა დიდი მონდომებით; სამშობლოს ყიდდა, მიწას ლოღნიდა და მტერს ახარებდა ლაჩრულად, და, ამ ყველაფერს გმირობად ასაღებდა. დღეს: იტყუება ფარისევლურად; იტყუება ენთუზიაზმით; იტყუება დიდი მონდომებით; იტყუება ლაჩრულად და ცდილობს, ლაჩრობა გმირობად გაასაღოს. ვეღარ ძარცვავს, ვერც ანგრევს, ვერც არბევს და კლავს, ვეღარც სამშობლოს ყიდის, თუმცა, თავისნაირი ნაძირლების ხელდასმით და ხელშეწყობით ცდილობს კვლავ: გვძარცვოს; გვანგრიოს; გვარბიოს; გვხოცოს; სამშობლო გაყიდოს და მომავალი მოუკლას საქართველოს. ვერ ეღირსება ამას სააკაშვილი! საქართველო გაიმარჯვებს!!!“, – წერს დავით მათიკაშვილი.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ პრემიერობის საკითხზე ვიდეომიმართვისას ისაუბრა. მას საქართველოში დაბრუნების თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ მზად არის, პრემიერ-მინისტრობა ორი წლით იტვირთოს.