დავით მათიკაშვილი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი სრულად შეესაბამება შარლ მიშელის დოკუმენტით აღებულ ვალდებულებას
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი სრულ შესაბამისობაშია იმ აღებულ ვალდებულებასა და სულისკვეთებასთან, რომელიც მედიატორ შარლ მიშელის დოკუმენტშია გათვალისწინებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„სასამართლო გახლავთ უზენაესი, უმნიშვნელოვანესი ორგანო ქვეყანაში სამართლებრივი სტაბილურობისა და ბალანსის დაცვის კუთხით. შთამბეჭდავი საქმიანობა გასწია 2020 წელს, ისევე, როგორც 2012-ის შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოემატა საქმეთა რაოდენობა და ეს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის მატებაზე მიუთითებს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი სრულ შესაბამისობაშია იმ აღებულ ვალდებულებასა და სულისკვეთებასთან, რომელიც მედიატორ შარლ მიშელის დოკუმენტშია გათვალისწინებული“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ნაკისრი ვალდებულება შეასრულა.
მისი თქმით, გამჭვირვალე პროცედურა დაინერგა ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში, როდესაც პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები აირჩია.
„დღევანდელი პოლიტიკური და სამართლებრივი მოცემულობა არის შემდეგი – შარლ მიშელის დოკუმენტში აბსოლუტურად გათვალისწინებულია ყველა ვალდებულება, რომელიც ხელმომწერმა მხარეებმა აიღეს. კერძოდ, „ქართულმა ოცნებამ“ აღებული ვალდებულება შეასრულა, შესაბამისი რეფორმა განახორციელა, დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნა და მხოლოდ შემდგომ გაგრძელდა ის პროცედურა, რომელიც სწორედ შარლ მიშელის დოკუმენტით იყო „ქართული ოცნების“ მიერ აღებული ვალდებულება. პროცესი წარმოადგენს სრულ შესაბამისობას იმ აღებულ ვალდებულასა და სულისკვეთებასთან, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტით არის“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ დგას საკითხის ლეგიტიმურობის პრობლემა იმ ფონზე, როდესაც პარლამენტში დაგეგმილ კანდიდატების მოსმენას სახალხო დამცველი და ოპოზიცის ნაწილი არ დაესწრება, მათიკაშვილმა უპასუხა, რომ „პროცესი სრულიად გამჭვირვალეა“.
„ეს არის უაღრესად გამჭვირვალე პროცედურა, რომელიც ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში მიიღეს და მოიწონეს საერთაშორისო პარტნიორებმა. მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ გამოიყენოს ის კვოტები, რომელიც ამ პროცედურით არის გათვალისწინებული, ანუ ყველა დაესწროს მოსმენებს. დასწრების საკითხი უშუალოდ მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.