დავით მათიკაშვილი - უგულავას, მელიასა და გვარამიასგან მესამე ძალაზე საუბარი საზოგადოების მოტყუების მცდელობა და თვალის ახვევაა, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ აღიარებული სახეები არიან
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, გიგი უგულავას, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიასგან მესამე ძალაზე საუბარი საზოგადოების მოტყუების მცდელობაა.
მისივე თქმით, აღნიშნული პირები „ნაციონალური მოძრაობის“ აღიარებული სახეები არიან.
„როგორც უგულავას, ისე ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიასგან რაიმე სახით საუბარი მესამე ძალაზე, იმ ძალაზე, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ არის დაკავშირებული, საზოგადოების მოტყუების მცდელობა და თვალის ახვევაა. რეალურად, არანაირი შუაშისტური ძალა არ არის და არც შეიძლება არსებობდეს საქართველოში. ეს პირები, ჩემ მიერ ჩამოთვლილი ადამიანები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ აღიარებული სახეები. ნიკა გვარამია – ყოფილი პროკურორი, პროპაგანდისტი, „ნაციონალური მოძრაობის“ ჯალათი; ნიკა მელია პირდაპირ წინააღმდეგობაში მოვიდა ქვეყნის რეალურ გადაწყვეტილებებთან და სასამართლო გადაწყვეტილებებს წინ აღუდგა; უგულავა – უამრავი მილიონის ქურდი. ეს ძალა ვერაფრით მოატყუებს საზოგადოებას და ვერ წარადგენს საკუთარ თავს, როგორც რაიმე კუთხით მესამე, შუაშისტურ ძალას. პერსპექტივა აქვთ ნულოვანი, რადგან სწორედ ასეთი ნდობა და რეიტინგი გააჩნიათ მათ საზოგადოებაში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.