დავით მათიკაშვილი - თანავუგრძნობდით პრეზიდენტის წარმომადგენელს, როდესაც ე.წ. ვეტოს გადამკიდე იურიდიულ კომიტეტზე სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა
თანავუგრძნობდით პრეზიდენტის წარმომადგენელს, როდესაც ე.წ. ვეტოს გადამკიდე იურიდიულ კომიტეტზე სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, კანონთან დაკავშირებით ვერცერთი აქტორის მხრიდან ვერ მოისმინა სამართლებრივი არგუმენტები, რატომ არ უნდა მიეღო პარლამენტს.
„ვეტო არ ყოფილა მოტივირებული – არცერთი კუთხით შენიშვნა. სიტყვა მოტივაცია და მოტივირებული შენიშვნა იმდენად შორს დგას იმ ნაგლეჯი ქაღალდისგან, რომელიც პრეზიდენტის წარმომადგენელმა წარმოადგინა, რომ ღიმილის მომგვრელია, საერთოდ რაიმე სახის არგუმენტებზე ვისაუბროთ. არადა, შესაძლებელი იყო, ვეტო გარკვეული არგუმენტების გარშემო მსჯელობისთვის ყოფილიყო გამოყენებული. ამის შესახებ ბრძანა საქართველოში ჩამოსულმა შეერთებული შტატების წარმომადგენელმა, თავის დროზე პრემიერმა განაცხადა, იყო გარკვეული საუბარი, მოლაპარაკება ევროკავშირის შესაბამის თანამდებობის პირებთან, მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი ქმედებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ემზადება არჩევნებისთვის, ის არის რადიკალი ოპოზიციონერი და დღევანდელ მოცემულობას მისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ამ კანონს და ყველაფერს იყენებს, რათა საკუთარი საარჩევნო მიზნები გაამართლოს, რაც კარგად გამოჩნდა გუშინდელი დღიდანაც. არაერთგზის ვსაუბრობდით, რომ ის არის ერთიანი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“.
მოტივაციისგან დაცლილი, არაფრის მთქმელი და მშრალი დოკუმენტის წარდგენა მოუწია დღეს პრეზიდენტის წარმომადგენელს. ადევნებდით თვალს, რა ხდებოდა კომიტეტზე, ვერცერთ კითხვაზე ვერ იქნა პასუხი გაცემული. როგორ შეიძლება, რაიმე სახის არგუმენტირებული მსჯელობა ყოფილიყო, როცა პრეზიდენტის წარმომადგენელი კომიტეტზე საერთოდ მსჯელობაში არ შემოდიოდა? ცოტა არ იყოს, გარე დამკვირვებლის თვალით ეს ყველაფერი სასაცილოდაც კი ჩანდა. თანავუგრძნობდით პრეზიდენტის წარმომადგენელს, როდესაც ე.წ. ვეტოს გადამკიდე სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა.
არგუმენტირებულ შენიშვნებს ველოდებოდით. ვეტომდე არგუმენტირებული შენიშვნა არ ყოფილა, ვენეციის კომისიის დასკვნაც არგუმენტირებისგან დაცლილია. პრეზიდენტმა კანონს არაფრის მთქმელი ვეტო დაადო და არც პრეზიდენტის ვეტოში და არც ვენეციის კომისიის დასკვნაში არგუმენტის მსგავსი არ იყო. კანონთან დაკავშირებით ვერცერთი აქტორის მხრიდან ერთი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, რატომ არ უნდა მიგვეღო ის. საუბარია სამართლებრივ არგუმენტზე“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.