დავით მათიკაშვილი - შეწყალების საკითხს აქვს როგორც მორალური, ასევე სამართლებრივი მხარე
დავით მათიკაშვილი - შეწყალების საკითხს აქვს როგორც მორალური, ასევე სამართლებრივი მხარე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ შეწყალების კრიტერიუმების საკითხზე მსჯელობა დიდი ხანია მიმდინარეობს.

მისი თქმით, პარლამენტი ამ საკითხზე სასაუბროდ და მსჯელობისთვის მზად არის.

„ეს არ არის ჩემი ინიციატივა, ამაზე დიდი ხანია, მიმდინარეობს საუბარი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდანაც, ინაუგურაციიდან მალევე გაცხადდა და იყო მსჯელობის საგანი ზოგადად. იმ სამწუხარო პრაქტიკიდან გამომდინარე, რაც საქართველოში ისედაც არსებობდა, დაწყებული მიხეილ სააკაშვილის მიერ, გირგვლიანის მკვლელების შეწყალებით, რითაც საკუთარ დანაშაულს გაუსვა ხაზი და ეს სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა, შემდეგ იყო გიორგი მარგველაშვილის მხრიდან სკანდალური შეწყალებები და შემდეგ ეს ფაქტები. თუ არის რამე რესურსი, რომ საკანონმდებლო დონეზე მოხდეს რამე სახით ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტის გარკვეულწილად შეზღუდვა, თუ სამართლებრივი რესურსი არსებობს, ჩვენ მზად ვართ ამაზე სასაუბროდ და შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად“, – განაცხადა დეპუტატმა.

მათიკაშვილის თქმით, ამისთვის გამზადებული რეცეპტი არ არსებობს და საკითხს აქვს, როგორც მორალური, ასევე სამართლებრივი მხარე.

„სამართლებრივი მხარეა ის, რომ პრეზიდენტს შეუძლია, თავისი სუბიექტური გადაწყვეტილებით შეწყალება და კონკრეტული პირის დამნაშავე-უდანაშაულობის საკითხები არ წყდება, მაგრამ არის მეორე – მორალური საკითხი, რომელიც საზოგადოებაში მსჯელობის საგანი გახდა. ამიტომ, თუ ამ საკითხზე საპარლამენტო დონეზეც მოხდება მსჯელობა, მზად ვარ, ჩავერთო“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კითხვაზე, უნდა დადგეს თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი, მათიკაშვილი ამბობს, რომ არა.

„არა, რა თქმა უნდა. აქ საუბარია სამართლებრივ საკითხებზე და არა რამე საპროცესო თემაზე. თუ სამართალდამცავი ორგანოები საკუთარი საქმიანობის ფარგლებში რამე სახის კითხვას ვინმეს მიმართ დასახავენ, ცხადია, ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს“, – განაცხადა დეპუტატმა.