დავით მათიკაშვილი - შეწყალებაზე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება პოლიტიკური შეფასება იყო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ პატიმართა შეწყალებასთან დაკავშირებით, მათ შორის შესაძლო კორუფციის საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის შეფასება პოლიტიკური იყო.
მისი თქმით, შეწყალებულთა რაოდენობა კითხვის ნიშნებს ბადებს.
„ის, რაც ბრძანა პარლამენტის თავმჯდომარემ, არის პოლიტიკური შეფასება. საუბარი იმაზე, თითქოს საქმე არის ამ თემაზე პროკურატურაში, ეს საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანაა, რადგან ასეთი რამ არ არსებობს. აქ არის საუბარი პოლიტიკურ შეფასებაზე. ამ კუთხით პარლამენტის თავმჯდომარეს სრულად ვეთანხმები, რადგან ამდენი არაპროპორციული, კონტექსტიდან ამოვარდნილი რაოდენობა შეწყალებულებისა, ცხადია, გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
დეპუტატი ვარაუდობს, რომ რამდენიმე შემთხვევაში, პიროვნების კარგად შესწავლის შემდეგ, შესაძლოა, პრეზიდენტს მათი შეწყალების გადაწყვეტილება არც მიეღო.
„ისეთი ადამიანები არიან შეწყალებული, რომელთა პიროვნებაც კარგად რომ გამოკვლეულიყო, შესაძლოა, პრეზიდენტს ასეთი გადაწყვეტილება არც მიეღო. შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარეც და ჩვენც ამ საკითხს ასეთ პოლიტიკურ შეფასებას ვაძლევთ. ეს ყველაფერი შესაძლებელია არსებობდეს, მაგრამ არ ნიშნავს, რომ სამართლებრივად, იურიდიული კონტექსტიდან გამომდინარე, პრეზიდენტის მიმართ რამე სახის საპროცესო პროცედურები მიმდინარეობს, ან რამე სახის საქმეა საგამოძიებო უწყებაში“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
შეწყალების საკითხზე განცხადება გუშინ საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისი თქმით, შეწყალების უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბოროტად არის გამოყენებული. პარლამენტის თავმჯდომარემ შეწყალების მხრივ, სხვა ქვეყნების სტატისტიკური მონაცემებიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ასმაგი სხვაობა აქვს. „პრეზიდენტის ამ პრაქტიკას შეიძლება ჰქონდეს სამიდან ერთ-ერთი საფუძველი. პირველი, თეორიული ვარიანტი: უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ეს არის ყველაზე რბილი ვერსია; მეორე – ეს არის კორუფცია – თეორიულად ამასაც ვერ გამოვრიცხავთ; მესამე ეს არის სამართალდამცავი სისტემის მიზანმიმართული ნგრევა“, – განაცხადა კობახიძემ.