დავით მათიკაშვილი - შეთანხმებული იყო, რომ სხდომა ბერძენ კოლეგას უნდა წაეყვანა, დეტალებში გარკვევაა საჭირო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ძალიან მძიმე საყურებელი იყო, პარლამენტის თავმჯდომარის ადგილზე რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ხილვა, რასაც საზოგადოების მხრიდან სამართლიანი რეაქცია მოჰყვა.
როგორც ჟურნალისტებს მათიკაშვილმა განუცხადა, პარლამენტში ფორუმი არ უნდა ჩატარებულიყო.
„შეცდომა იყო დაშვებული, თუმცა ოპონენტებს იმის საშუალებას არ მივცემთ, თქვან, თითქოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის შეიძლება, ცნობილი ყოფილიყო, რომ სხდომა გავრილოვს უნდა წაეყვანა. შეთანხმებული იყო, რომ სხდომა ბერძენ კოლეგას უნდა წაეყვანა. დეტალებში გარკვევაა საჭირო. ხელისუფლებამ მკაცრად დააფიქსირა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს და დაუშვებელია, რუსეთის წარმომადგენელი საქართველოში რაიმე ფორუმს ხელმძღვანელობდეს“, – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა.