დავით მათიკაშვილი - საზოგადოებამ განსაჯოს, რამდენად რელევანტურია, როდესაც აშშ-ის ელჩი ასე დაკვირვებით კითხულობს პარლამენტის წევრების ემოციურ სტატუსებს და არ კითხულობს „ფარა“-ს მასალას
საზოგადოებამ განსაჯოს, რამდენად რელევანტურია, როდესაც ქალბატონი ელჩი ხანდახან ასე დაკვირვებით კითხულობს ზოგიერთი ჩვენი კოლეგის, პარლამენტის წევრების ემოციურ სტატუსებს, მათზე რეაგირება, რეაქცია აქვს და არ კითხულობს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მასალას, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას.
კერძოდ, დეგნანმა აღნიშნა, რომ არ უნახავს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტები, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილის ლობისტების საქმიანობაზეა საუბარი.
მათიკაშვილის თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა კითხვაზე პასუხის გაცემას თავი აარიდა.
„საზოგადოებამ თვითონ განსაჯოს, რამდენად რელევანტურია და არის თუ არა ღიმილის მომგვრელი ის მოცემულობა, როდესაც ქალბატონი ელჩი ხანდახან ასე დაკვირვებით კითხულობს ზოგიერთი ჩვენი კოლეგის, პარლამენტის წევრების ემოციურ სტატუსებს, მათზე რეაგირება, რეაქცია აქვს და არ კითხულობს შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მასალას. „ფარა“-ს სისტემას ვგულისხმობ, ეგრეთ წოდებულს, ქალბატონი ელჩის მიერ რუსულ კანონად მონათლულ კანონს, რომელიც აშშ-ში მოქმედებს და სწორედ ამ კანონის და ჩანაწერების საფუძველზე გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის, როგორი შეთქმულება მზადდებოდა და ხორციელდებოდა საქართველოს წინააღმდეგ, როგორ იყო ამ ვერაგულ და მტრულ ქმედებებში ჩართული სააკაშვილის ოჯახი, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი დავალებების მიმცემები საქართველოს ფარგლებს გარეთ. ერთიანობაში ეს ყველაფერი ქმნის ისეთ შთაბეჭდილებას, რომ კითხვებზე პასუხის გაცემას აარიდა ქალბატონმა ელჩმა თავი, თითქოს თავი იმართლა ამ ვითარებაში, არადა, საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.