დავით მათიკაშვილი - საზოგადოება აბსურდის თეატრს აკვირდება, როდესაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ნიანგის ცრემლებით ფსევდოსიდუხჭირეზე საუბრობს და ამის რეკლამირებაში ნახევარ მილიონს იხდის
საზოგადოება აბსურდის თეატრს აკვირდება, როდესაც რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ნიანგის ცრემლებით ცდილობს, საზოგადოების ყურადღება მიიქციოს, ფსევდოსიდუხჭირეზე საუბრობს და ამ ვითომ სიდუხჭირის რეკლამირებაში ნახევარი მილიონი დოლარი გადაუხდიათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, საზოგადოებისთვისაც კარგად არის გასაგები, რას ემსახურება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ეს პიარსვლები, როზნერისგან თუ კიდევ სხვა პიარსპეციალისტებისგან ნასწავლი მესიჯები.
„არის მცდელობა, რომ საზოგადოების ყურადღება იმ მნიშვნელოვანი თემებიდან, რომლებიც ჩვენი ქვეყნისა და მომავალი თაობისთვის ძალიან სენსიტიურია, გადაიტანონ ისეთ საკითხებზე, სადაც ელემენტარულად ტყუილებს არ ერიდებიან. აქაც ტყუილი არის ერთ მხარეს და ამ ტყუილის რეკლამირებაში ისინი ნახევარ მილიონ დოლარს ყრიან. 2012 წელს არსებული და დღევანდელი ფასები ელემენტარული ეკონომიკური განაწესებიდან გამომდინარე, რაც უნივერსალურია მთელი მსოფლიოსთვის, ვერ იქნება ერთი და იგივე. ხაბეიშვილი და როზნერი თუ ფიქრობენ, რომ ჩვენი საზოგადოება იმდენად მიამიტია და არ ესმის ეს მოცემულობა, რომ პირდაპირ მიიღებს გაუანალიზებლად და მათ ამის გამო ტაშს დაუკრავს, ძალიან ცდებიან. ეს ყველაფერი არის ტყუილით გაჯერებული. რაც შეეხება ამ მდარე პიარკამპანიასა და რეკლამებს, როდესაც ფასებსა და სოციალურ საკითხებზე მსჯელობ და ამ ყველაფერში, სიდუხჭირის რეკლამირებისთვის შენ ნახევარ მილიონ დოლარს იხდი, აბსურდის თეატრის მთავარი პერსონაჟი რომ ხარ, ორი აზრი არ არის“, – განაცხადა მათიკაშვილმა.