დავით მათიკაშვილი - The Heritage Foundations-მა სათანადო პასუხი გასცა ბევრ კრიტიკოსსა და სკეპტიკოსს, ვისაც არ სჯერა სასამართლოს რეფორმების წარმატების
მსოფლიოს წამყვანმა კვლევითმა ცენტრმა The Heritage Foundations-მა სათანადო პასუხი გასცა ჩვენი ქვეყნის ბევრ კრიტიკოსსა და სკეპტიკოსს, ვისაც არ სჯერა სასამართლოში განხორციელებული რეფორმების წარმატების, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
ამერიკულმა ცენტრმა დავოსის ეკონომიკური ფორუმისა და მსოფლიო ბანკის შესაბამის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის კვლევა, რომლის თანახმად, ეფექტიანობის მაჩვენებლით საქართველოს სასამართლო სისტემა პირველ ადგილს იკავებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.
„ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ 2012 წლის შემდგომ, სახელისუფლებო წნეხისგან და ძალმომრეობისგან გათავისუფლებული მართლმსაჯულება, რომელმაც რამდენიმე გზის ეტაპობრივი რეფორმირება განიცადა, წარმოადგენს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უმნიშვნელოვანეს ღერძს. სწორედ ეს არის საზოგადოების დაკვეთა, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა, რომლის მიზანსაც ობიექტური მართლმსაჯულების განხორციელება წარმოადგენს. გულწრფელად ვულოცავ ამ აღიარებას სრულიად საქართველოს, თუმცა აქვე დავძენ, რომ სასამართლომ უნდა გააგრძელოს რეფორმების გზით სიარული, არ მოაკლოს მცდელობა, საბოლოოდ დაამკვიდროს ევროპული ტიპის, დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული ობიექტური მართლმსაჯულება, რომლის გარეშეც, როგორც ამას ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია გვამცნობს, შეუძლებელია თავისუფალი საზოგადოების არსებობა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.