დავით მათიკაშვილი - სასამართლო სისტემის რეფორმირება არა მხოლოდ დისკუსიიდან მიღებული გადაწყვეტილება, არამედ ჩვენი გუნდის პერმანენტული სვლაა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პერმანენტულად ახორციელებს სასამართლო სისტემის რეფორმირებას.
მისივე განმარტებით, განხორციელდა რეფორმის რამდენიმე ტალღა.
„ორი წლის წინ უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცესი შედგა ჩვენ მიერ, რომელმაც აღიარება მოიპოვა საერთაშორისო პარტნიორებში. ეს ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა-არჩევის პროცესს. ეს არის ის ხაზი, რომელსაც „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო დანაპირებში, მათ შორის ხაზგასმით იძლეოდა ჩვენი ამომრჩევლისა და ელექტორატის წინაშე. დღეს დგას ის მოცემულობა, როდესაც ეს საკითხი არის ამ დისკუსიის ერთ-ერთი საგანი. ეს არ არის მხოლოდ ამ დისკუსიიდან მიღებული გადაწყვეტილება, ეს არის „ქართული ოცნების“ სახელისუფლო გუნდის პერმანენტული სვლა, ხოლო ამ საკითხის დაჩქარება იმიტომ არის საჭირო, რომ მან პოლიტიკური მდგენელიდან გამომდინარე იქონიოს შესაბამისი გავლენა და შესაბამისი რეზულტატი ჩვენს როგორც საერთაშორისო პარტნიორების, ასევე ჩვენი ოპონენტი მხარის მიმართ“, – განაცხადა მათიკაშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხების დაჩქარებული წესით განხილვა დღევანდელ მოცემულობაში სწორედაც რომ დროული და საჭიროა.
პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანი აზრით, სასამართლოს ფუნდამენტური რეფორმირების საკითხი მას შემდეგ უნდა განიხილონ, რაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკება დასრულდება.