საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველოში მართლმსაჯულებას დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო ახორციელებს, რომელმაც გიორგი რურუა ცალსახად დამნაშავედ სცნო.
მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ სასამართლოს განაჩენმა წერტილი დაუსვა ოპოზიციის წარმომადგენლების სპეკულაციებს, რომლებიც ცდილობდნენ, „ნაციონალურ მოძრაობად“ წოდებული კრიმინალური დაჯგუფების ერთ- ერთი კრიმინალი ლიდერი უდანაშაულოდ გამოეცხადებინათ.
„ეს არის 8 მარტის შეთანხმების ზედმიწევნით შესრულება, რადგან ხელისუფლება და ხელისუფლების სხვა შტოები სასამართლო საქმეებში არ ერევიან. 2012 წლის შემდეგ, მკვეთრად გამიჯნულია ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილება და მართლმსაჯულებას ახორციელებს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო. შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რათა რაიმე სახით ეჭვის ქვეშ დავაყენოთ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება“, – დასძინა მათიკაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.