დავით მათიკაშვილი - საქართველოს ხელისუფლება იყენებს ყველა ფორმატს, რათა ოკუპაციის თანმდევი მძიმე შედეგების პრევენცია მოახდინოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება იყენებს ყველა ფორმატს, რათა ოკუპაციას თანმდევი მძიმე შედეგების პრევენცია მოახდინოს.
დავით მათიკაშვილი გამოეხმაურა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, უკანონო ინსტალაციების აღმართვის ფაქტს.
„საქართველოს ხელისუფლება იყენებს ყველა ფორმატს, რათა იმ მძიმე შედეგებზე, რაც ზოგადად ოკუპაციას მოსდევს, მოახდინოს მეტ-ნაკლებად პრევენცია. ეს ფაქტიც წარმოადგენს ოკუპაციის მძიმე შედეგს. ჩვენი მიზანია, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დეოკუპაციის პროცესის დაწყება, რომელიც აუცილებლად, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, სიტუაციის გაუმჯობესებას გამოიწვევს. მთავარია, შევძლოთ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოვახდინოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორების და უფლებადაცვითი ორგანიზაციების შეშვება, რომელიც, რა თქმა უნდა, პრევენციულად მოახდენს შესაბამის გავლენას ამ მძიმე შედეგებზე, რომელიც რუსული ოკუპაციის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.