დავით მათიკაშვილი - საქართველოს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის არა მხოლოდ ისტორიული არჩევანის, ქართველი ხალხის სურვილის გამო, არამედ პროგრესისთვის, რაც ევროკომისიის ანგარიშშიც მკაფიოდ იყო ასახული
საქართველოს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის არა მხოლოდ ისტორიული არჩევანის, ქართველი ხალხის სურვილის გამო, არამედ პროგრესის, გადადგმული ნაბიჯებისთვის, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, უსამართლობა იყო, რომ ერთი წლის წინ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცეს, რაც უნდა გამოსწორდეს და ქვეყანამ მიიღოს ის ცენზი, სტატუსი, რაც ეკუთვნის.
როგორც მათიკაშვილი ამბობს, ახლა ჯერი ევროპელ კოლეგებზეა.
„ყველა ტრიბუნის, ყველა რესურსისა და ფორუმის გამოყენება ხდება, რათა განხორციელდეს ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანი, ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ საქართველო დაუბრუნდეს თავის ევროპულ ოჯახს და საქართველომ სრულიად სამართლიანად მიიღოს სტატუსი, რომელიც ეკუთვნის. სტატუსი ეკუთვნის არა მხოლოდ ისტორიული არჩევანის, არა მხოლოდ ქართველი ხალხის სურვილის გამო, არამედ იმ პროგრესის, გადადგმული ნაბიჯებისთვის, რომელიც, 12-პუნქტიანი გეგმის მიღმაც, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ძალიან მკაფიოდ იყო ასახული. სამეულში – საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, ევროკომისიის შეფასებით, საქართველო პირველ ადგილს იკავებდა ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების კუთხით. საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. ამას არა მხოლოდ კერძო საუბრებში, არამედ ოფიციალურ განცხადებებშიც გარკვეულწილად აღიარებენ ევროპელი კოლეგები. ჯერი ახლა ნამდვილად მათზეა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.