დავით მათიკაშვილი - საქართველო და ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება ოკუპაციას
11 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საერთაშორისო სამართლის აბსოლუტურად ყველა ნორმა, შემოიჭრა საქართველოში, მოახდინა სამხედრო ინტერვენცია, რასაც შედეგად მოჰყვა ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია და რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარება ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპაციას.
„საქართველო და ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება ოკუპაციას, სანამ იარსებებს საქართველო ამ ქვეყანაზე ჩვენი ვალი და ამოცანა იქნება ქვეყნის გამთლიანება მშვიდობიანი და საერთაშორისო სამართლით აღიარებული წესითა და მეთოდით. ამავდროულად, დღევანდელი დღე არის დასტური, როგორ შეიძლება, უპასუხისმგებლო და შეიძლება ითქვას, შედეგობრივად მოღალატეობრივი პოლიტიკითაც, შექმნა ნოყიერი ნიადაგი, რომ ხელისუფლების ყველა ფასად შენარჩუნების მიზნით, არ მოახდინო საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების პრევენცია უშიშროებისა და უსაფრთხოების კუთხით და მისცე ყველა საშუალება, რომ რუსეთს განეხორციელებინა საუკუნოვანი ოცნება და შედეგად დამდგარიყო ის, რაც მოხდა 11 წლის წინ. ამას არათუ მცდარი, არამედ შედეგობრივად მოღალატეობრივი პოლიტიკაც შეგვიძლია დავარქვათ, რომელმაც 135 ქართული სოფლის მიტაცება და დამატებით ოკუპაცია გამოიწვია. იგივე ხელისუფლებამ სულ რამდენიმე დღეში, მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს ისეთ რეზოლუციას, სადაც არ იყო დადებითად წარმოდგენილი ქართული მხარე და ამ ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რომ დამარცხება მოენათლა გამარჯვებად“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
დეპუტატის შეფასებით, ქართველი ხალხისთვის უმთავრესია, ტერიტორიული მთლიანობის დასაბრუნებლად ყველაფერი გაკეთდეს.
„ჩვენთვის, ქართველი ხალხისთვის არის უმთავრესი, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ქვეყანამ დაიბრუნოს ტერიტორიული მთლიანობა და აქ ცალსახაა რუსეთის ფედერაციის მტრული დამოკიდებულება, მეორე – პატივი მივაგოთ გმირებს, ვინც თავი შესწირა საკუთარ სამშობლოს, ოღონდ ამ გმირების ხარჯზე არა საქართველომ ამოისუნთქა, როგორ ამას წარმოდგენას და ჩვენებას ცდილობს ჩვენი ოპონენტი ძალა, ამ გმირების სიცოცხლის ხარჯზე ამოისუნთქა სააკაშვილმა და სააკაშვილის რეჟიმმა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ყოფილი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებდა ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, ისინი ყველაფერს გადააყოლებდნენ, რომ საკუთარი ხელისუფლება და ძალაუფლება შეენარჩუნებინათ. ეს ყველაფერი 11 წლის წინანდელმა მოვლენებმა დაადასტურა“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.