დავით მათიკაშვილი - სახელმწიფოს საინვესტიციო პოლიტიკა მაქსიმალურ შესაძლებლობას ქმნის ინვესტორებისთვის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველოს ნამდვილად აქვს ანაკლიის პროექტის განხორციელების სურვილი.
როგორც დეპუტატი აცხადებს, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელებულიყო.
„საზოგადოებას დეტალები კარგად ახსოვს. შეთანხმების ვადის გადაწევა არაერთხელ მოხდა, სადაც პირდაპირ იყო მითითება, რომ პროექტის განხორციელებისთვის ინვესტიციები სწორედ მამუკა ხაზარაძესა და კონსორციუმს უნდა განეხორციელებინათ. თავის მხრივ, სახელმწიფომ მის წინაშე აღებული ყველა ვალდებულება ზედმიწევნით შეასრულა განსხვავებით კონსორციუმისგან, რომელმაც ვალდებულებები დაარღვია. სახელმწიფოს საინვესტიციო პოლიტიკა ქმნის მაქსიმალურ შესაძლებლობას იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს მომხიბვლელი საერთაშორისო პარტნიორებისთვის და ინვესტიციებისთვის. რაიმე სახის პროვოკაციული დავა გავლენას ვერ მოახდენს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ და ერთ-ერთმა უცხოელმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა საქართველოს წინააღმდეგ დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები შეიტანეს. ბობ მეიერმა სარჩელით მიმართა საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრს, ხოლო კონსორციუმმა საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანა. როგორც კონსორციუმის წარმომადგენლებმა და ინვესტორმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, აღნიშნული ორი სარჩელით, ისინი ანაკლიის პორტის პროექტში დარღვეული უფლებების აღდგენას მოითხოვენ. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ფინანსური ზიანის ანაზღაურებაა, რომელიც მათი განცხადებით, ერთ მლრდ აშშ დოლარს აღემატება.
საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 9 იანვარს ოფიციალურად შეწყვიტა.