დავით მათიკაშვილი - სახელმწიფო აკეთებდა და გააკეთებს ყველაფერს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი განხორციელდეს
დავით მათიკაშვილი - სახელმწიფო აკეთებდა და გააკეთებს ყველაფერს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი განხორციელდეს

სახელმწიფო აკეთებდა და გააკეთებს ყველაფერს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი განხორციელდეს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლაც კი მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.

„რამდენჯერმე იქნა სახელმწიფოს მხრიდან გადავადებული „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ვალდებულებების შესრულება.

ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სახელმწიფოს სურვილს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან პრიორიტეტული პროექტი განხორციელდეს და არ უკავშირდება იმ საქმეს, რაც პროკურატურაში მიმდინარეობს“, – განაცხადა დეპუტატმა.

მათიკაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო არაფერს დაიშურებს, რომ აღნიშნული პროექტი შედგეს.

„როგორც მოგეხსენებათ, პროექტი დაფინანსებაზე და თანხებზეა დამოკიდებული. როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ კუთხით მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, – აღნიშნა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.

რაც შეეხება ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებას, დეპუტატი ამბობს, რომ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არ არსებობს, რადგან არის საუბარი მხოლოდ ერთ ქეისზე სისხლის სამართლის საქმის, არანაირად არ უკავშირდება არც ერთი იმ პროექტის განხორციელებას, რომელიც საქართველოში არის დაგეგმილი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.