დავით მათიკაშვილი - საინტერესოა, იციან თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტებმა, რა ფულით აფინანსებს საქართველოს დისკრედიტაციის კამპანიას მიხეილ სააკაშვილი
დავით მათიკაშვილი - საინტერესოა, იციან თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტებმა, რა ფულით აფინანსებს საქართველოს დისკრედიტაციის კამპანიას მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის მოქალაქეს არანაირი უფლება არ აქვს, ჩაერიოს ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში, მით უმეტეს, როცა ის საქართველოში არაერთი დანაშაულისთვისაა გასამართლებული და რეალურად, კრიმინალს წარმოადგენს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

დავით მათიკაშვილის განმარტებით, სჯერა, რომ სააკაშვილის განცხადებები საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობაზე არ აისახება.

„ძალიან საინტერესოა, იციან თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტებმა, რა ფულით აფინანსებს საქართველოს დისკრედიტაციის კამპანიას მიხეილ სააკაშვილი. სწორედ ეს ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“ 2008 წლის შემდეგ გახდა ის ძალა, რომელმაც რუსეთს მიჰყიდა არაერთი სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი.

რეალურად, მათ პრორუსული საქმე გააკეთეს ყველა მიმართულებით და დღესაც პუტინის დაკვეთას ასრულებენ. ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი განცხადებების მიუხედავად, ამ ორ ქვეყანას შორის, სტრატეგიულ, ერთგულ პარტნიორს შორის არ გაფუჭდება ურთიერთობა და ადრე თუ გვიან, უკრაინის ხელისუფლება კარგად შეაფასებს და აღიქვამს მიხეილ სააკაშვილის ნეგატიურ როლს, არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, არამედ უშუალოდ უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოდან პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინის ინტერესებშია.