დავით მათიკაშვილი - საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიო საზოგადოებას კარგად ახსოვდეს 11 წლის წინანდელი მოვლენები, რასაც საქართველოში 2008 წლის აგვისტოში ჰქონდა ადგილი.
ჟურნალისტებთან საუბარში მათიკაშვილი გაერო-ს უშიშროების საბჭოში საქართველოს თაობაზე გამართულ მსჯელობას გამოეხმაურა.
„ამ საკითხის პოლიტიკური ანალიზი გვაჩვენებს, რომ ამ მოვლენების მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობას სხვა უფრო მკაცრი დამოკიდებულება რომ ჰქონოდა, შეიძლება, ის მოვლენები აღარ განვითარებულიყო, რასაც თუნდაც, უკრაინაში ჰქონდა ადგილი. გაერო-ს უშიშროების საბჭოს ფორმატში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ იქნა დაფიქსირებული. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება“, – აღნიშნავს მათიკაშვილი.
დეპუტატის თქმით, რუსეთი წარმოდგენილია, როგორც საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის არაერთგზის დამრღვევი საქართველოსა და უკრაინაში.
„მსოფლიო თანამეგობრობა გაერთიანდა და რუსეთს სანქციები დაუწესა, თუმცა რუსეთს თავისი პოლიტიკა აქვს. სამწუხაროდ, მისი პოლიტიკა ასეთ ხაზებზე გადის და რამდენად ექვემდებარება საერთაშორისო ზეწოლას, ეს კიდევ მეორე საკითხია. არის მომენტები, როცა ექვემდებარება, მაგრამ არის მომენტებიც, როცა ისე იქცევა, როგორც საუკუნეების განმავლობაში იქცეოდა“, – დასძენს დეპუტატი.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს და აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს.