დავით მათიკაშვილი - სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული წესი, გამონაკლისი ვერ იქნება შალვა ნათელაშვილი და ვერც რომელიმე პარტია
დავით მათიკაშვილი - სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული წესი, გამონაკლისი ვერ იქნება შალვა ნათელაშვილი და ვერც რომელიმე პარტია

საქართველოს, როგორც ყველა დემოკრატიულ ქვეყანას აქვს კონსტიტუცია და პარლამენტის რეგლამენტი, რომელიც მოიცავს კონკრეტულ წესს და წესრიგს, როგორ წყდება დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტისა თუ ცნობის საკითხები, – ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შესაბამისად, წესი ყველაზე ვრცელდება და გამონაკლისი ვერ დაიშვება ვერც „ლეიბორისტული პარტიის“, ვერც სხვა რომელიმე პარტიის წარმომადგენელის მიმართ.

„ამ შემთხვევაში, ცხადია, ვერ იქნება გამონაკლისი ვერც შალვა ნათელაშვილი, „ლეიბორისტული პარტია“ თუ პარტია „ლელო“ ან სხვა რომელიმე პარტია. ასე რომ, ვიდრე პოლიტიკური პარტიები გადაწყვეტილებას მიიღებენ ამა თუ ნაბიჯთან მიმართებით, ალბათ კარგად არის გასაანალიზებელი, კანონმდებლობაა შესასწავლი, რა შედეგები მოსდევს მაგალითად, პარლამენტში სესიების ნახევარზე მეტის არდასწრებას, უარს საპარლამენტო მანდატზე, სიის ჩახსნას, უარს დანარჩენ სიაზე“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან პარტიის დღევანდელი პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. ამავდროულად, ცნობილია, რომ მომავალ სასესიო კვირაში უნდა უყაროს პარლამენტმა კენჭი რამდენიმე დეპუტატისთვის, მათ შორის შალვა ნათელაშვილისთვის მანდატის შეწყვეტას. საკითხზე უკვე იმსჯელა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა და მიიჩნია, რომ ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე უნდა შეუწყდეს.