დავით მათიკაშვილი -  სტრასბურგის  სასამართლო გაოგნებას ვერ მალავს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მაშინდელ ხელისუფალთა უკანონობის გამო 
დავით მათიკაშვილი -  სტრასბურგის  სასამართლო გაოგნებას ვერ მალავს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მაშინდელ ხელისუფალთა უკანონობის გამო 

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რომელიც 1959 წლიდან ფუნქციონირებს და 10 000 ზე მეტი გადაწყვეტილება აქვს გამოტანილი, გაოგნებას ვერ მალავს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ჩვენი ქვეყნის იმ დროინდელ ხელისუფალთა მიერ ერთობლივად ჩადენილ უკანონობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვილის დროს განაცხადა.

როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, სააკაშვილმა, ცივსისხლიან დამნაშავეთა შეწყალებით დაასრულა განგრძობადი დანაშაულებრივი ქმედება, რომლის მიზანიც, როგორც ამას ევროსასამართლო აცხადებს, მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა იყო.

„განაჩენიდან ვციტირებ გაოგნების მიზეზებს: „ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მიერ შეთანხმებული მოქმედება მოიცავდა ისეთ ქმედებებს, როგორიც იყო ხარვეზები როგორც შსს–ს მიერ, ასევე პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებებში; სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უკანონო გადაწყვეტილება ყველა განსასჯელის ერთ საკანში მოთავსებასთან დაკავშირებით; ასევე ხარვეზები სასამართლოს მიმდინარეობისას და პრეზიდენტ სააკაშვილის ”არაკეთილგონივრული შემწყნარებლობა“ მსჯავრდებულთა მიმართ, როდესაც 2008 წელს მან შეიწყალა ისინი და სასჯელი გაუნახევრა. 2009 წელს ოთხივე მსჯავრდებული ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.“ კოლეგებო, სხვა რა შეიძლება ეგულისხმა ევროსასამართლოს „არაკეთილგონივრული შემწყნარებლობის“ ქვეშ, გარდა იმისა, რომ იმ დროს მოქმედმა პრეზიდენტმა, მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენა ბოროტად”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, სამარცხვინო იყო ქვეყნის პრეზიდენტის რიტორიკა, თითქოს სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანით, თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულებელყო პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით მინიჭებული შეწყალების დისკრეციული ინსტიტუტი.

„ნათელია, რომ სააკაშვილის მიერ სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალება წარმოადგენდა დანაშაულის ჩადენის ინსტრუმენტს, რომლის უკან, სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ, ისევე როგორც თბილისის საქალაქო სასამართლომ, მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა და საპრეზიდენტო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ამოიკითხა. ხსენებულმა სამწუხარო რეალობამ და მიღებულმა მწარე გამოცდილებამ დაგვარწმუნა იმაში, რომ საჭიროა პრევენციული ნაბიჯების გადადგმა, სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის გამკაცრება იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოება, თითოეული ჩვენი მოქალაქე იყოს დაცული. ჩვენ ვთვლით რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობაში საჭიროა შეიქმნას ახალი საკანონმდებლო სივრცე და გამკაცრდეს უკვე არსებული რეგულაციები, რაც მოახდენს, უმაღლესი თანამდებობის პირთა მხრიდანაც, მათთვის ხალხის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების პრევენციას. საზოგადოებამ უნდა იცოდეს რომ ე.წ. „გირგვლიანის შესწორებებზე“ მუშაობა უკვე მიმდინარეობს”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში შედგება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელზედაც საბოლოოდ შეჯერდება ექსპერტებთან შეთანხმებული, მმართველი გუნდის პოზიცია, რის შემდეგაც მოხდება საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება საქართველოს პარლამენტში.