დავით მათიკაშვილი - სააკაშვილს მინდა ვუთხრა, რომ ის არ არის მაღალი, ის არის გრძელი
დავით მათიკაშვილი - სააკაშვილს მინდა ვუთხრა, რომ ის არ არის მაღალი, ის არის გრძელი

სააკაშვილს მინდა ვუთხრა, რომ ის არ არის მაღალი, ის არის გრძელი, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარული სხდომიდან დღეს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს.

„სააკაშვილს მინდა ვუთხრა, რომ ის არ არის მაღალი, ის არის გრძელი. იმ სიგრძით ამაყობს, რაზეც მიხეილ სააკაშვილი ასე გულმოდგინედ საუბრობდა გუშინდელ განცხადებაში. კაცმა უნდა იამაყოს მაღალი რეპუტაციით, ღირსებით, ქალებთან ღირსეული დამოკიდებულებით, რისგანაც მიხეილ სააკაშვილი იყო და არის დაცლილი”, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

დავით მათიკაშვილმა დღეს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდს სამარცხვინო უწოდა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, რომელმაც ექვსი წლის წინ ჩამოგვაცილა ის სირცხვილი, რასაც ერქვა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობა”, – განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.

მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გუშინ, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის საკომიტეტო გამოსვლის შემდეგ გააკეთა.

„ივანიშვილი და წულუკიანი თავისი მასშტაბების გამო, იქამდეც ვერ მომწვდნენ, სადაც ჩემზე მოწვდენა უნდოდა ივანიშვილის პატრონ პუტინს. იქამდეც ვერ მომწვდნენ ეს სუბიექტები და ვერც მომწვდებიან, მაგრამ ქართველი ხალხი მიწვდება მათ ყველგან, სადაც საჭიროა და სათანადოდ აგებინებს პასუხს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.