დავით მათიკაშვილი - სააკაშვილის გასათავისუფლებლად ხელმოწერების შეგროვება არის ტყუილად ხელების ქნევა ჰაერში, ყველა ვალდებულია, სასჯელი მოიხადოს იქ, სადაც კანონი ითვალისწინებს
სააკაშვილის გასათავისუფლებლად ხელმოწერების შეგროვება არის ტყუილად ხელების ქნევა ჰაერში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი და სასჯელი მოიხადოს იქ, სადაც კანონი ითვალისწინებს.
„მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს მიერ მხილებულია ძალიან მძიმე დანაშაულებში. კიდევ იხილება მის მიმართ სხვა საქმეები. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით და სისხლის სამართლის კანონმდებლობით, დამნაშავე პირები ვალდებულნი არიან, სასჯელი მოიხადონ პენიტენციურ დაწესებულებაში. მეტსაც გეტყვით, ის მსუბუქი რეჟიმი, რომელიც მას აქვს ოროთახიანი პალატის სახით, არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილ მძიმე დანაშაულებს. ეს ჯანმრთელობის, თითქოს, გაუარესებით იყო გამოწვეული, დღეს კი აბსოლუტურად სხვა რეალობაა. ასე რომ, ხელმოწერების შეგროვება სააკაშვილის გასათავისუფლებლად არის ტყუილად ხელების ქნევა ჰაერში. ყველა, განურჩევლად მის მიერ ადრე დაკავებული თანამდებობისა, ვალდებულია, კანონის წინაშე იყოს თანასწორი და სასჯელი მოიხადოს იქ, სადაც ამას კანონი ითვალისწინებს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ გუშინ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რასაც სალომე ზურაბიშვილს გადასცემენ.