დავით მათიკაშვილი - რეგიონში ჩვენ წარმოვადგენთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფლაგმანს
დავით მათიკაშვილი - რეგიონში ჩვენ წარმოვადგენთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფლაგმანს

ჩვენ წარმოვადგენთ რეგიონში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფლაგმანს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„კორუფციის შესახებ ჩანაწერი 12-პუნქტიან გეგმაში იქნებოდა, თუ არ იქნებოდა, „ქართული ოცნება“, ჩვენი ხელისუფლება კორუფციის წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდა და ამ ბრძოლას პერმანენტულად აგრძელებდა. ეს ჩანს ყველა იმ დანაყოფ-საგამოძიებო სტრუქტურებში, რომელიც ქვეყანაში არსებობს და რომელთა დანიშნულებაც სწორედ ამ მძიმე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ გაჩნდა რეკომენდაციებში ტერმინი მაღალი დონის კორუფცია, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ ეს საკითხი რეგიონულ ჭრილშია განხილული და საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიმართ წარდგენილ რეკომენდაციებში მსგავსი ჩანაწერი ყველგან არის.

„მთავარია, რა იგულისხმება ამ ფრაზის ქვეშ. ჩვენ შემთხვევაში არსებობს სხვადასხვა ქვედანაყოფი, რომელიც სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურის ქვეშ ფუნქციონირებს და მათი ძირითადი დანიშნულება სწორედ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაა. ამ ჩანაწერის მიზანი, რაზეც ვსაუბრობთ, იყო და რჩება ამ სტრუქტურების ერთობლივი, ერთიანი, კოორდინირებული ფუნქციონირება, რაც თანაბარწილად იქნება მიმართული, როგორც მაღალი დონის კორუფციის, ასევე ნებისმიერი იმ დონის კორუფციის შემთხვევების დაძლევისკენ, რა ქვემდებარეობაც ამ უწყებებს გააჩნიათ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მისი თქმით, რეკომენდაციებში ჩანაწერი იმას გულისხმობს, რომ ანტიკორუფციულ მიმართულებას ინსტიტუციური გაძლიერება სჭირდება და სწორედ ამ საქმეს აკეთებს ის საკანონმდებლო სივრცე, რომელიც დღეს დეპუტატებისთვის არის შეთავაზებული.

დავით მათიკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ რეაგირების გარეშე არ რჩება კორუფციის არც ერთი ფაქტი, თუმცა სისხლის სამართალს თავისი წესები აქვს, რაც ვერ იქნება ისეთი, როგორიც 2012 წლამდე იყო, როცა თუ მმართველი ელიტა გადაწყვეტდა, საქმე მეორე დღესვე ისე იყო გამოძიებული, როგორც სურდათ, ან გამოძიება წლების განმავლობაში საერთოდ არ მოხდებოდა.

„გამოძიებას აქვს თავისი დრო და ეს დრო გამოძიებას სჭირდება იმისთვის, რათა მტკიცებულებები მაღალი სტანდარტით მოიპოვოს და საქმეში დაამაგროს. ამიტომ, რა თქმა უნდა, თითოეულ საქმეზე საჭიროა გამოძიების ბოლომდე დასრულება, რათა ვისაუბროთ კონკრეტულ ფაქტზე, იყო კორუფციის ფაქტი, თუ არა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ამასთან, როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, საქართველო დგას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ამიტომ, ასატანი და გადასახარშია ისეთი საკითხები, რომელიც ჩვეულებრივ სიტუაციაში შეიძლება, არ იყოს აქტუალური.

„ამიტომაც მოხდა ანტიკორუფციული ბიუროს სისტემის ისე ჩამოყალიბება, რომ ამ მოცემულობაში მას ჰქონდეს ძალიან მაღალი დონის დამოუკიდებლობა. პრემიერი ნიშნავს ხელმძღვანელს რამდენიმე კანდიდატიდან, მაგრამ მას არ ექვემდებარება, პარლამენტი აკონტროლებს და ქმნის იმ საერთო მოცემულობას, როდესაც ყველა ინსტიტუციამ, რომელიც ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში გამოძიების კუთხით არის ჩართული, ერთობლივად და შეხმატკბილებულად იმუშაოს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, ევროპული გზა არის საქართველოს ისტორიული, უპირობო არჩევანი, ქვეყანამ ამ გზაზე უნდა იაროს აუცილებლად და შეასრულოს ვალდებულებები, რაც არსებობს.