დავით მათიკაშვილი - პოლიტიკური ძალები, რომლებსაც პულსი არ ესინჯებათ, არჩევნებში დამარცხდებიან, მიუხედავად იმისა, ერთმანეთს ხელს ჩამოართმევენ თუ ცალკე გააგრძელებენ ანტიეროვნულ საქმიანობას
ყოვლად უპრინციპო და პოლიტიკური მორალის არმქონე პოლიტიკურ ჯგუფებთან გვაქვს საქმე, რომლებიც ზუსტად ცოტა ხნის წინ ერთმანეთს ხელს არ ართმევდნენ და დღეს რაღაც დიდი პოლიტიკური ქორწინების შესახებ გამოაცხადეს, საზოგადოებას ამცნეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა „ლელოსთან“, „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და „თავისუფლების მოედანთან“ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის გაერთიანებასთან დაკავშირებით.
მათიკაშვილის თქმით, პოლიტიკური ძალები, რომლებსაც „პულსი არ ესინჯებათ“, არჩევნებში დამარცხდებიან, მიუხედავად იმისა, ერთმანეთს ჩამოართმევენ ხელს თუ ცალკე გააგრძელებენ საქმიანობას.
„„ძალიან დიდი პოლიტიკური შენაძენია“ ახლა „ლელოსთვის“ ალეკო ელისაშვილი, ისევე როგორც ალეკო ელისაშვილისთვის – „ლელო“. ეს ხუმრობით. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ პოლიტიკური ძალები, რომლებსაც პულსი არ ესინჯებათ, მათი მხარდაჭერა ან ნულია, ან ოდნავ აცდენილია ნულს. ისინი გაერთიანდებიან, ხელს ჩამოართმევენ, რომელზედაც ამბობდნენ, რომ არ ვიზამთ ამასო, თუ არ ჩამოართმევენ და, პირიქით, ცალკე გააგრძელებენ ანტიქართულ და ანტიეროვნულ საქმიანობას – ეს საბოლოოდ ვერ შეცვლის იმ შედეგს, რომელიც 26 ოქტომბერს იქნება, სადაც ისინი ძალიან მძიმედ და მწარედ დამარცხდებიან ქართველი ხალხისგან“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.