დავით მათიკაშვილი - ოპოზიციას თითი თითზე არ დაუდევს სტატუსის მოპოვების გზაზე, ახლა არაფერი დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ ტყუილებით სცადონ საკუთარი დღის წესრიგის გამართლება
მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ ჩვენი ქვეყანა მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ოპოზიციისთვის პოლიტიკურ სპექტრში დარჩენის პერსპექტივის ნიშანწყალიც კი გაქრა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა ოპოზიციას არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ მოატყუოს საზოგადოება და ეცადოს საკუთარი დღის წესრიგის გამართლებას.
„მათთვის კანდიდატის სტატუსის არმიღება იყო ერთადერთი საშუალება, რაიმე ფორმით მოეხდინათ საზოგადოებაზე ზეგავლენა, აედუღებინათ ტემპერატურა და ემოციებზე დაყრდნობით საზოგადოება ქუჩაში გამოეყვანათ იმ მიზნით, რომ ქვეყანა არ მიდის ევროკავშირის გზით. ახლა, როდესაც ყველასთვის კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, რომ ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“, საპარლამენტო ხელისუფლებამ, მთავრობამ იმუშავეს, გააკეთეს აბსოლუტურად ყველაფერი, რათა ქვეყანას მიეღო კანდიდატის სტატუსი და ეს ასეც მოხდა და მოხდება, ოპოზიციას არაფერი დარჩენია, თუ არა, კვლავ გადაეშვას სპეკულაციების მორევში, ტყუილებით ეცადოს საკუთარი დღის წესრიგის გამართლებას, მოატყუოს საზოგადოება და თავი წარმოაჩინოს, თითქოს მათ სურდათ საქართველოს პროგრესი, ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანება, სტატუსის მიღება და ხელისუფლებას – არა. სინამდვილეში კი მათ თითი თითზეც არ დაუდევთ, რომ ერთი მყარი ნაბიჯი მაინც გადაედგათ ევროკავშირის სტატუსის მოპოვებისკენ მიმავალ გზაზე და დღენიადაგ ცდილობდნენ, ქვეყანა წაბორძიკებულიყო. მათ ეს ვერ შეძლეს. ჩვენი ქვეყნის ოპოზიცია თავიდან ბოლომდე ლუსტრირებულია და ყველა მათი მცდელობა, რომ პოლიტიკურ ზედაპირზე რამე საშუალებით დარჩნენ, ფიასკოთი იქნება განწირული. ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ დაწყებულა 12-პუქნტიანი გეგმის და რეკომენდაციების მოცემით, ეს დაიწყო ბევრად ადრე, როცა ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი ჩვენმა ხელისუფლებამ და, რა თქმა უნდა, კვლავაც გაგრძელდება მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსს მიიღებს ჩვენი ქვეყანა.
რაც შეეხება დათქმებს, ჩვენ ამ კუთხით ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას, არ იქნება მხოლოდ ეს დათქმები, იქნება სხვა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც საქართველოს მეტად აახლოებს ევროკავშირთან, მოლაპარაკებების დაწყების ჭრილში კიდევ უფრო გამოიკვეთება ეს საკითხები. ასე რომ, ღიმილის მომგვრელია ოპოზიციის მცდელობა, ახლა რაღაცნაირად პროცესს დაეწიონ და აანაზღაურონ განაცდენი, ის განაცდენი დრო, რომელიც მათ რეალურად არ მოახმარეს ქვეყნის პროგრესს და, პირიქით, ქვეყნისთვის პრობლემების შექმნის მცდელობაში გაატარეს მთელი პერიოდი. ხელს არავის უშლით შრომასა და მუშაობაში. სამწუხაროდ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ოპოზიციის მხრიდან ამის მსურველი და გამკეთებელი თუნდაც საქართველოს პარლამენტში მე პირადად ვერ ვნახე, უკვე მეორე მოწვევაა, რაც პარლამენტის წევრი ვარ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.