დავით მათიკაშვილი - ოპოზიციამ პატიმარ სააკაშვილს მოუწყოს კლინიკასთან აქცია, რატომ და როგორ მოხდა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ ოკუპანტის ხელში გადავიდა ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი
ოპოზიცია მიბრძანდეს კლინიკასთან და პატიმარ სააკაშვილს მოუწყოს აქცია, რატომ და როგორ მოხდა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ ოკუპანტის ხელში გადავიდა ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ოპოზიციის ნაწილის მიერ პირდაპირი ფრენების აღდგენის გასაპროტესტებლად დღეს პარლამენტის შენობასთან დაგეგმილ აქციაზე კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, სპეკულაციაა აქციის დაანონსება ადამიანებისგან, რომლებიც აგვისტოს ომის შემდეგ ტაშს უკრავდნენ მიხეილ სააკაშვილს, როცა ის რუს ტურისტებს ეგებებოდა.
„სპეკულაციის ბოლო დონეა აქტიურობა იმ ადამიანებისგან, უსამშობლო პირებისგან, რომლებიც 2008 წლის ომის შემდეგ ტაშისკვრით მიეგებნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ღვინით ხელში ეგებებოდა რუს ტურისტებს საქართველოში. ქართული მხარე საკუთარ მოქალაქეებს სანქციებს ვერ დაუწესებს. რაც შეეხება ფრენების აღდგენის საკითხს, კიდევ ერთხელ ყველას გასაგონად: ეს არ იყო ქართული მხარის გადაწყვეტილება და ვერ იქნებოდა ქართული მხარის გადაწყვეტილება. რუსეთმა ინდივიდუალურად შეწყვიტა ფრენები და ინდივიდუალურად აღადგინა. ასე რომ, თუკი რაიმე სახის აქცია უნდათ, ვინმეს გაუმართონ, მიბრძანდნენ კლინიკასთან, სადაც პატიმარი სააკაშვილი იმყოფება და იქ მოუწყონ აქცია, რატომ და როგორ მოხდა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ ამხელა ტერიტორიები დაკარგა და ოკუპანტის ხელში გადავიდა ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.