დავით მათიკაშვილი - ნიკა მელია მიშა სააკაშვილის უგუნურმა სურვილებმა სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდო
ნიკა მელია მიშა სააკაშვილის უგუნურმა სურვილებმა სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კარგი იქნება, გირაოსთან დაკავშირებით ნიკა მელია საკუთარ სურვილებში გაერკვეს.
„ნიკანორ მელია მიშა სააკაშვილის უგუნურმა და რეაქციულმა პოლიტიკამ და სურვილებმა სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდო. დღეს სახის შენარჩუნებაც სურთ. უნდა, რომ ევროკავშირის წინაშე ცუდად არ გამოჩნდეს. ამ დროს რეალურად რაღაც საშუალო გადაწყვეტილებას იღებენ, რომლის შინაარსი და კონტენტი ცოტა გაუგებარია საზოგადოებისთვის. რას ნიშნავს გირაოზე დათანხმება- არ დათანხმება. ნიკანორ მელიას კანონის წინაშე მოუწევს შესაბამისი პასუხისმგებლობის აღება, იქნება ეს რომელიმე გადაწყვეტილების შესრულება, თუ იქნება ეს ევროკავშირის შესაბამისი სურვილი, რომ დროულად მოხდეს მისი ციხიდან გამოსვლა. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ჩვენ აუცილებლდ მივიღებთ ამნისტიის აქტს და ნიკანორ მელია დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ხოლო მანამდე გირაოსთან დაკავშირებით ცოტათი მეტად რომ გაერკვეს საკუთარ სურვილებში და გმირად გახდომის ნაცვლად, სასაცილო მდგომარეობას რამენაირად თავი დააღწიოს მთლიანად „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მათთვის პოლიტიკურად კარგი იქნება. ნაბიჯებმა და სურვილებმა, რაც მიშა სააკაშვილის თავში მოხარშული იდეებიდან მომდინარეობს, მართლაც სასაცილო მდგომარეობაში შეიყვანა ეს პიროვნება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ამასთან, მათიკაშვილის თქმით, გირაოს გადახდისას აუცილებელია, ნიკა მელიას მხრიდან მკაფიო პოზიცია დაფიქსირდეს და მან ეს შეთავაზება მიიღოს.
„ამნისტიის აქტის მიღება დროულად, კანონით გათვალისწინებულ ვადებში მოხდება. ამნისტიის აქტით ნიკანორ მელია საპატიმრო დაწესებულებას აუცილებლად დატოვებს. ციხიდან გამოსვლის გასაღები რეალურად ნიკანორ მელიას ჯიბეშია. მას ძალიან მარტივად შეუძლია ამ გასაღების ამოღება დღესვე, გადატრიალება შესაბამის ადგილას და სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვება. საუბარია 11 ათასი ევროზე ანუ 40 ათასი ლარის გირაოზე, რომელიც მან უნდა გადაიხადოს. ის თუ არ იხდის, ევროკავშირის შესაბამისმა წარმომადგენელმა მზაობა განაცხადა.
საუბარი იმაზე, რომ გირაოს გადახდას ნიკანორ მელიას თანხმობა არ სჭირდება, სწორი არ არის. თანხმობა სჭირდება ამ შეთავაზების მიღებას, რაზეც ნიკანორ მელია ვალდებულია, განაცხადოს მკაფიო და ცალსახა პოზიცია. ეს მიკიბ-მოკიბვა, რაც ადვოკატის საუბარში შეიმჩნეოდა, აშკარად ჰგავდა დაზეპირებულ მესიჯბოქსებს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.