დავით მათიკაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სატელიტები ცდილობენ, მორჩილი პარტიული აქტივი ახალგაზრდულ სამოქალაქო ორგანიზაციებად გაასაღონ
სულ მცირე, უხერხულია, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სატელიტები ცდილობენ, თავისი მორჩილი პარტიული აქტივი ახალგაზრდულ სამოქალაქო ორგანიზაციებად გაასაღონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დამოუკიდებელი და საზოგადოებრივი ვერ იქნება ის ორგანიზაცია, რომლის წევრები რიგ-რიგობით პოზირებენ მიხეილ სააკაშვილთან და მის ამფსონებთან, დავალებებსაც მათგან იღებენ და მათ წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი.
„სულ მცირე, უხერხულია, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სატელიტები ცდილობენ, თავისი მორჩილი პარტიული აქტივი ახალგაზრდულ სამოქალაქო ორგანიზაციებად გაასაღონ. მსგავსი მარგინალური ჯგუფები ვერ შეძლებენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რადგან მათი ლუსტრაცია მარტივად ხდება – ამ უსირცხვილო ადამიანებმა საკუთარი პოლიტიკური საქმიანობა ჯერ პირად ბიზნესად აქციეს, ახლა კი ცდილობენ, სიცრუეზე და აგრესიაზე დაფუძნებული ბიზნესად ქცეული პოლიტიკური საქმიანობა საკუთარი ოჯახის წევრებს გადააბარონ. რიგ-რიგობით პოზირებენ მიხეილ სააკაშვილთან და მის ამფსონებთან, დავალებებსაც მათგან იღებენ და მათ წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი. ფაქტია, რომ ეს რამდენიმე ათეული ახალგაზრდაა ნაცმოძრაობის „რევოლუციური რესურსი“ და რადგან ხელწერას არ იცვლიან, ნაცებსაც და მათ სატელიტებსაც, ტრადიციულად, წინ მრავალი ფიასკო ელით“, – წერს დავით მათიკაშვილი.