დავით მათიკაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, შექმნას სურათი, თითქოს, ხელისუფლება არაკანონიერ ნაბიჯზე მიდის, რათა თავისი არაკანონიერი მოთხოვნები გაამართლოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის შეფასებით, არაერთხელ დადასტურდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობის გეგმა გააჩნია.
როგორც პირველ არხთან დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, დესტაბილიზაციის გეგმის არსებობა იქედანაც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი ბიძის, თემურ ალასანიას ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდა.
დეპუტატის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მცდელობის მიუხედავად, არაფერი გამოუვა.
„ცდილობენ, ფონი შექმნან, თითქოს, ხელისუფლება არაკანონიერ ნაბიჯზე მიდის. მსგავსი სურათის შექმნას ცდილობენ, რათა ის არაკანონიერი მოთხოვნები გაამართლონ, რაც მოგვიანებით ექნებათ. ეს ყველაფერი მათი საქმიანობიდან და განვლილი პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე ნათლად შეგიძლიათ დაინახოთ. გაიხსენეთ, ხელისუფლება როგორ ჩაიგდეს ხელში. ისინი ასეთ მეთოდებს არც ერთი მიმართულებით არ ერიდებიან“, – აღნიშნავს მათიკაშვილი.
ასევე, დეპუტატი სავარაუდოდ, ყალბი პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ მათი პოზიცია გაუგებარია, რადგან ინფორმაციის მიმწოდებელს არ ამხელენ.
„გამოძიება მიმდინარეობს და ვალდებული არიან, მთელი ინფორმაცია გააცნონ სამართალდამცველებს, თუ რაიმე გააჩნიათ. ამ ყველაფერს პროკურატურა პასუხს გასცემს, მაგრამ პოლიტიკურ სარჩულს ვხედავ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ” აჟიოტაჟი იქ შექმნას, სადაც რეალურად არ არსებობს და წინაპირობა ჰქონდეს, სამომავლოდ მისი არაკონსტიტუციური მოთხოვნა გაამართლოს”, – განაცხადა მათიკაშვილმა.