დავით მათიკაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, მისთვის დამახასიათებელი ყველა მეთოდით მოახდინოს დესტაბილიზაცია
„ნაციონალური მოძრაობა“ „რუსთავი 2“-ის მეშვეობით აშანტაჟებს და ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებს საზოგადოებას დღეს, როდესაც ასეთი საჯაროობაა უზრუნველყოფილი, მსგავსი პრობლემა რომ არსებობდეს, აუცილებლად იჩენდა თავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, დღეს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერები კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს, რომელსაც ჭირდება პასუხები.
„ჩვენ მოვისმინეთ ორი ჩანაწერი, ერთი თითქოს მუქარის შემცველი და ასეთი შთაბეჭდილება მხოლოდ მე არ შემექმნა, როგორც გაკეთებული კომენტარებიდან ირკვევა და მეორე ჩანაწერი ეს არის უკვე თითქოს ამ მუქარის შესრულება და ასრულება. მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხთან მიმართებაში იყოს გამოძიება დროულად დასრულებული. ყველა კითხვის ნიშანს უნდა გაეცეს პასუხი. ჩანს, რომ ჩანაწერებიდან ასე ვთქვათ გადაუმოწმებელი, გადაუმოწმებელ ფონზე მხოლოდ იმ ჩანაწერიდან რაც ჩვენ მოვისმინეთ ჩანს ის რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ცდილობს მისთვის დამახასიათებელი ყველა მეთოდით მოახდინოს დესტაბილიზაცია. კვლავ რევანშისტულად განწყობილი ძალები მოვიდნენ ხელისუფლებაში და ამისთვის ისინი იყენებენ აბსოლუტურად ყველა საშუალებას და გზას. ეს იყო სწორედ ამ დღევანდელი ჩანაწერის ერთგვარი ლეიტმოტივი მაშინ, როდესაც ამ სიტყვების ავტორი სწორედ ამას ამბობდა რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ უკავშირდებიან და თხოვენ სხვადასხვა შანტაჟით თუ მოქრთამვით თუ ასე შემდეგ ნებისმიერ ინფორმაციას მათ შორის ტყუილსაც, იმისთვის რომ საკუთარი ესე იგი პოლიტიკური დღის წესრიგი შეასრულონ”, – განაცხადა მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, ორივე ჩანაწერზე აუცილებელია, რომ გამოძიება დასრულდეს და ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს.
„საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ქვეყანაში არ დადიან და არ დაძრწიან შეიარაღებული პირები, არ ხდება არავის წამება. 2004-2012 წლებში მიუხედავად უდიდესი შიშისა, რაც საზოგადოებას ჰქონდა, მაინც ეს ინფორმაცია დამალული არ დარჩენია საზოგადოების არც ერთს წევრს და როდესაც იყო ქვეყანაში მართლაც სისტემური დანაშაულზე საუბარი, ამის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა, თუმცა ამას ხმამაღლა ვერ ამბობდნენ. დღეს როდესაც ასეთი საჯაროობაა უზრუნველყოფილი და აბსოლუტურად არაფერი არ იმალება ჩვენს ქვეყანაში ასეთი პრობლემა რომ არსებობდეს ეს რა თქმა უნდა თავს ამოყოფდა აქამდე ანუ ესეც არის სწორედ ის კითხვის ნიშნები, ეჭვები რომლებიც ამ ყველაფერმა წარმოქმნა. ვის რაში ჭირდება ეს ყველაფერი, ვის რა პოლიტიკური მიზნებისთვის ჭირდება. შესაბამისად, ჩვენი ამოსავალი წერტილი დღეს არის ის, რომ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არ უნდა ავყვეთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი სატელიტების მცდელობას საზოგადოება გამოიწვიონ და გამოიყვანონ წყობიდან. დაველოდოთ პასუხებს. ეს პასუხები ყველაზე უფრო მეტად ჩვენ გვაინტერესებს და ამ პასუხების შემდგომ მოვახდინოთ უკვე ამ თემის თავიდან ბოლომდე გაანალიზება თუ რასთან, რა სახის დანაშაულთან გვაქვს საქმე. არის ეს ყველაფერი დადგმული, რა კითხვებია შიგნით და რა პასუხები გაეცა ამ კითხვებს”, – განაცხადა მათიკაშვილმა.