დავით მათიკაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ 2024 წლიდან ნომერ პირველი ოპოზიციური ძალა ვეღარ იქნება, რა გადაადგილებაც არ უნდა მოახდინონ, ეს შედეგს ვერ მოიტანს
„ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო განვითარებული მოვლენები თურქულ თუ მექსიკურ სერიალს დაემსგავსა. სერიალს ნამდვილად დაემსგავსა, ოღონდ მდარე ხარისხის შინაარსით აღჭურვილს. ეს არის პოლიტიკურად მომაკვდავი პოლიტიკური ჯგუფის ბოლო ქრონიკა, რომელიც სავსე იქნება მსგავსი მოცემულობებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილს კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას ფეისბუქპოსტზე, სადაც ის ამბობს: „არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა“.
„ნიკა მელიას გააგდებენ პარტიიდან და ის არ წავა, ხაბეიშვილს დანიშნავენ პარტიის თავმჯდომარედ და, სინამდვილეში, არაფრის გამკეთებელი არ არის. ყველამ კარგად იცის, რომ ეს ყველაფერი ფორმალობაა, კეზერაშვილისგან მიიღებენ ევროპელი პენსიონერებისგან ნაძარცვ შავ ფულს – ეს ყველაფერი „ნაციონალურ მოძრაობას“ თავის პოლიტიკურ სამარესთან კიდევ უფრო აახლოებს. ამ პოლიტიკური სამარის გაფორმება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოხდება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
დავით მათიკაშვილის თქმით, პარტიაში როგორი გადაადგილებაც არ უნდა იყოს, „ნაციონალური მოძრაობა“ 2024 წლიდან ნომერ პირველი ოპოზიციური ძალა ვეღარ იქნება.
„ეჭვი მეპარება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რაიმე მოვლენამ, ფაქტმა თუ სიტუაციამ რაიმე ფორმით აუწიოს რეიტინგი. პოლიტიკური გარდაცვალების პროცესი დასრულებულია და მისი საბოლოო მდგომარეობაში გადასვლა ხდება, რომელსაც პოლიტიკური ავანსცენიდან გაქრობა ჰქვია. „ნაციონალური მოძრაობა“ 2024 წლიდან ნომერ პირველ ოპოზიციურ ძალად ვეღარ იქნება და ეს თვითონ ძალიან კარგად იციან. რა გადაადგილებაც არ უნდა მოახდინონ, შედეგს ვერ მოიტანს“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.