დავით მათიკაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ დამალავს იმ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ასეულობით ფაქტს, რომელზეც სასამართლოებს აქვთ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი
„ნაციონალურ მოძრაობას“, რომელშიც უკვე „ევროპული საქართველო“ კარგად იკითხება, სურს, ჩვენს ქვეყანაში მოაწყოს მოდელირებული კალანდობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ დაყოფა-გამოყოფა იყო ფარსი და ტყუილი, რაშიც საზოგადოებაც დარწმუნდა.
„ნაციონალურ მოძრაობას“, სადაც უკვე „ევროპული საქართველო“ კარგად იკითხება, სურს, ჩვენს ქვეყანაში მოაწყოს მოდელირებული კალანდობა. გახსოვთ ალბათ კალანდობა, სადაც მსახიობები მონაწილეობნენ და პრეზიდენტის როლში გახლდათ საქართველოს პრეზიდენტი. საოცარი რამ იყო, როდესაც პრეზიდენტის როლს პრეზიდენტი ასრულებდა. მოდელირებული ქრონიკა, მოდელირებული კალანდობა, მოდელირებული რეალობა, დახოცილი ადამიანები: რობაქიძე, გირგვლიანი, დაკარგული 100-ზე მეტი სოფელი, დაკარგული ღირსება, როდესაც ადამიანებს სახეში აფურთხებდნენ – ეს იყო ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს ცდილობს რეინკარნაციას, ცდილობს თვალი აუხვიოს ჩვენს საზოგადოებას, დააჯეროს და დაარწმუნოს, რაც არ არსებობს, დაავიწყოს ის, რისი დავიწყებაც შეუძლებელია. ამ ყველაფრის ფონზე ცდილობს, კვლავ პოლიტიკური ქულების მოგებას. მე მინდა მივმართო მათ – რა ფორმითაც არ უნდა იცვალოს ფერი „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რა პიარული ნაბიჯებიც არ უნდა გადადგას, ისინი ვერ ჩარეცხავენ ქართველთა სისხლს, რომელიც გუბეებად იდგა თქვენი მმართველობის შემდგომ”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ დამალავს იმ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ასეულობით ფაქტს, რომელზეც არამარტო საქართველოს სასამართლოებს აქვთ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი, არამედ ეს ყველაფერი იკითხება სტრასბურგის ადამიანური უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში.
„რად ღირს თუნდაც მხოლოდ სანდრო გირგვლიანის საქმე. ამ ყველაფრის ფონზე კვლავ მოდელირებულ რეალობაში ცხოვრების სურვილი ქართველ ხალხს და ამომრჩეველს აღარ აქვს. მას აღარ სჭირდება გამოცვლილი საბურავები, აღარ სჭირდება მთავრობა, რომელმაც ლამის კატასტროფამდე და კოლაფსამდე მიაღწევინა ჩვენს საზოგადოებას. მინდა გითხრათ აბსოლუტურად დარწმუნებით, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან გაცილებით მეტი და „ქართული ოცნება“ არჩევნების მეორე ტურს დაასრულებს ისე, როგორც ეკადრება საქართველოს, ევროპას და არა ისე, როგორც ეკადრება რუსეთს და იმ პიარჯგუფს, რომელიც გრიგოლ ვაშაძეს დასდევს. ესენი არიან რუსეთიდან, კრემლიდან წამოსული ჯგუფები და ეწევიან მის პიარკამპანიას. აღარ გაგივათ მოდელირებული „ქრონიკა“ და მოდელირებული „კალანდობა“. საქართველომ დაასრულა ეს 2012 წელს და ეს ნაბიჯი არის თქვენი ბოლო მცდელობა, რომ მოატყუოთ საზოგადოება. ქართველი ხალხი აღარასდროს მოტყუვდება”, – განაცხადა მათიკაშვილმა.