დავით მათიკაშვილი - მზად ვართ თავისუფალი, გამჭვირვალე მოლაპარაკებებისთვის, რაც ისეთივე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ევროკავშირისა და ამერიკისთვის
ევროპელი მეგობრების მოლაპარაკებების პროცესში ჩართულობას იმედით ვუყურებთ. მზად ვართ თავისუფალი, გამჭვირვალე მოლაპარაკებებისთვის იმ სამართლებრივი პრინციპების გათვალისწინებით, რაც ისეთივე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ევროკავშირისა და ამერიკისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
დეპუტატის იმედოვნებს, რომ ოპოზიცია მოლაპარაკებებზე კონსტრუქციულ წინადადებას წარადგენს.
დავით მათიკაშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას მხოლოდ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ერთპროცენტიანი გადაცდომის დადასტურების შემთხვევაში განიხილავს.
„ჩვენთვის მთავარია იმ სიბრტყის ადვილად ათვისება და გამოყენება მოხდეს, რაც საქართველოში შარლ მიშელის ჩამოსვლის შემდეგ შეიქმნა. ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი სჯობს, იმ რჩევებს მიჰყვეს, რაც ევროპელ კოლეგებს აქვთ-შეწყვიტონ დემოკრატიის ნგრევა, პარლამენტში შებრძანდნენ და იქ აწარმოონ პოლიტიკა. ის ფაქტი, რომ ევროკავშირი ასე არის დაინტერესებული საქართველოში მიმდინარე პროცესებით, მიუთითებს, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა მაღალ ნიშნულზეა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოლაპარაკების მაგიდასთან კონკრეტულ შედეგს მივაღწიოთ, თუმცა დესტრუქციული ოპოზიციის მსჯელობის პარამეტრებით, რასაც ვხედავთ, ცხადი ხდება, რომ ეს იქნება რთული. ამის მიუხედავად, იმედი გვაქვს და ოპოზიცია მოლაპარაკებებზე კონსტრუქციული წინადადებებით მოვა. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ძალაშია „ქართული ოცნების“ პირობა, რომ თუ დროებითი საგამოძიებო კომისია დაადგენს ერთპროცენტიან გადაცდომას, მმართველი გუნდი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას დათანხმდება. ოპოზიციას სხვა ყველა პოსტულატი ჩამოეშალა და მათ არც ერთი არგუმენტი არ აქვთ იმის დასადასტურებლად, რომ რიგგარეშე არჩევნები არის რაღაც სამართლებრივი მოცემულობა. ეს ასე არ არის, არჩევნები მაღალი ლეგიტიმაციით ჩატარდა და ეუთო/ოდირის დასკვნამ დადასტურა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.