დავით მათიკაშვილი - მზად ვართ შემხვედრი ნაბიჯებისთვის, თუმცა არსებობს წითელი ხაზები, საზოგადოებამ გააკეთა არჩევანი, რაც აღიარებულ იქნა მსოფლიო თანამეგობრობის მიერ
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა არსებობს გარკვეული წითელი ხაზები, რომლებიც არ გადაიკვეთება.
„მოლაპარაკებებისთვის „ქართული ოცნება“ ყოველთვის მზად არის და ეს ჩვენი მხრიდან არაერთხელ დაფიქსირებულა. ჩვენ არ ვქმნით არანაირ პრობლემას. პირიქით, მზად ვართ შემხვედრი ნაბიჯებისთვის. ოღონდაც, არსებობს წითელი ხაზები, რომლებიც არ გადაიკვეთება. არჩევანი არის გაკეთებული საქართველოს საზოგადოების, ჩვენი ელექტორატის მიერ და ცხადია, ეს არჩევანი არ გადაიხედება. დანარჩენი, თუკი რაიმე კონსტრუქციული და მისაღები კანონმდებლობიდან გამომდინარე არსებობს ოპოზიციის შემოთავაზებაში, ცხადია, ამ მხრივ შესაძლებელია დალაპარაკება და გარკვეული კონსტრუქციული კონსენსუსი, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არსებობს წითელი ხაზები, რომლებიც, რა თქმა უნდა, არ გადაიხედება, რადგანაც საზოგადოებამ გააკეთა თავისი არჩევანი და ეს დაფიქსირდა და აღიარებულ იქნა მთელი მსოფლიოს მიერ, მსოფლიო თანამეგობრობის მიერ“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების მესამე რაუნდისთვის საჭიროა მხარეთა მზაობა, კონსტრუქციული ნოტით დასხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდაზე.
„ქართულ ოცნებას“ ამის არანაირი პრობლემა არ გააჩნია. თუმცა, სამწუხაროდ, მსგავს მიდგომას დღემდე ვერ ვამჩნევ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან. მოცემულობა, რომ არჩევნები იმდენჯერ უნდა ჩატარდეს, სანამ ოპოზიცია არ გაიმარჯვებს, ცხადია, არის აბსოლუტურად ამოვარდნილი ყოველგვარი კონტექსტიდან. პატივი უნდა ვცეთ ჩვენი საზოგადოების არჩევანს, იმ რეიტინგს, რა რეიტინგიც პარტიებს დაუფიქსირდათ არჩევნების შემდეგ. თითოეულმა პარტიამ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ამომრჩეველს და ცხადია, სწორედ მათი იმედების გამტყუნებაა, როდესაც ცალკეული ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ არ შევლენ პარლამენტში და არ ისარგებლებენ მათი მხარდაჭერების მიერ მინდობილი მანდატით. ასე რომ, ესეც მათ პოლიტიკურ სიმწიფეზე მეტყველებს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, პოლიტიკურმა ძალებმა უნდა შეძლონ, ქვეყნისთვის სასარგებლო პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღონ არა ქუჩაში, არამედ პარლამენტის სხდომათა დარბაზში და კომიტეტებზე, როგორც ეს რეგლამენტითა და კონსტიტუციით არის გათვალისწინებული.
„სწორედ ამიტომ მოუწოდებს ყველა საერთაშორისო პარტნიორი ოპოზიციურ სპექტრს, რომ პატივი სცენ საზოგადოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, როგორც სხვა პარტიის მხარდამჭერებს, ასევე საკუთარი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერებს და შეასრულონ ის პოლიტიკური მოცემულობა, რასაც პარლამენტში შესვლა ჰქვია. თორემ „ქართული ოცნება“ მარტო არ დარჩება, „ქართული ოცნება“ დარჩება თავის საზოგადოებასთან ერთად. ამომრჩევლის 48 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს. კი, რა თქმა უნდა, ცუდია და არ არის კარგი, როდესაც ერთპარტიულ პარლამენტს ვიღებთ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ოპოზიციის პასუხისმგებლობაა. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ კონსტრუქციულობის ფარგლებში, კანონის პატივისცემის ფარგლებში შემხვედრ ნაბიჯებზე წავიდეს, მაგრამ სამწუხაროდ, იგივე არ ჩანს ოპოზიციისგან“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.